თელავში ვასილ მაღლაფერიძის ახალი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის, „მეფე ერეკლე - რეპორტაჟი ისტორიიდან“ საპრემიერო ჩვენება გაიმართა

თელავში ვასილ მაღლაფერიძის ახალი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის, „მეფე ერეკლე – რეპორტაჟი ისტორიიდან“ საპრემიერო ჩვენება გაიმართა.

ფილმი მოგვითხრობს მეფე ერეკლე მეორეზე, როგორც პოლიტიკოსზე და მის გამეფებამდე და მეფობის პერიოდში საქართველოს გარშემო არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე.

როგორც საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, დოკუმენტური ფილმების მიმართულება პირველი არხისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„ძალიან მოგვწონს, რომ ჩვენი ფილმების უფრო და უფრო მეტი პრემიერა იმართება რეგიონებში. ძალიან სიმბოლურია, რომ ერეკლე მეფის შესახებ დღეს სწორედ თელავიდან ვუამბობთ ჩვენს პირველ მაყურებელს, ფილმის სატელევიზიო პრემიერა კი 18-19 თებერვალს პირველ არხზე გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ფილმის დაგეგმვისა და განხორციელების პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა. ფილმი ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიგეგმა, მაგრამ, საბოლოოდ, ის ნოვატორული და ახალი ხერხები, რომლებიც ფილმშია გამოყენებული, ვფიქრობ, ამად ღირდა. მაყურებელს კი ძალიან საინტერესო მოგზაურობა ელოდება წარსულში“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

როგორც ფილმის ავტორმა, საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, ფილმზე მუშაობა დაიწყო ერეკლე მეორის 300 წლისთავთან დაკავშირებით, თუმცა კოვიდპანდემიის გამო პროცესი გაჭიანურდა და პრემიერა დღეს შედგა.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია, სულ უნდა ვსწავლობდეთ. ილია ჭავჭავაძე როგორც ამბობდა, ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი საკუთარ ისტორიას ივიწყებს. ისტორია გვჭირდება, რათა წარსულს გავხედოთ და იქიდან ამოვიღოთ მაგალითები, თუნდაც ის განვლილი გზა, რომლითაც განვჭვრეტთ მომავალს. ცხადია, ფილმით ჩვენ ასეთი მაღალი პრეტენზიები არ გვაქვს, მაგრამ გვინდოდა, ერთი დიდი, გამორჩეული მოღვაწის შესახებ კიდევ ერთხელ გვესაუბრა.

ერეკლე მეორე მთელი საქართველოს მეფეა, თუმცა ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ფილმის პრეზენტაცია სწორედ თელავში იმართება. გვინდოდა, პრემიერა სწორედ იქ გამართულიყო, სადაც ერეკლე მეორე დაიბადა და გარდაიცვალა. ერეკლე თელავთან კიდევ უფრო განსაკუთრებით არის დაკავშირებული, როგორც ჩვენ ვართ დაკავშირებული ჩვენს ბავშვობასთან.

ერეკლეს პერიოდი ძალიან ღრმად საფიქრალი თემაა და ბევრ რამეზე გაგვცემს პასუხს სამომავლოდაც. ეს არის ის გეოპოლიტიკური მორევი, რომელშიც იყო მოქცეული საქართველო და ეს არის ისტორია, როგორ იბრძოდნენ თავად ერეკლეც და სხვებიც ამ მორევისგან პატარა საქართველოს გადასარჩენად“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

საპრემიერო ჩვენებას ესწრებოდა ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავით მახარაძე. როგორც მან აღნიშნა, ფილმი ძალიან შთამბეჭდავია.

„ფილმი ძალიან შთამბეჭდავია ორი მიზეზით, რომ ჰყვება ჩვენი ქვეყნის წარსულ ისტორიას და ამ ისტორიის მოსაყოლად, მაყურებლისა და მსმენელისთვის უკეთ გასაგებად, ჰყვება ძალიან ორიგინალური ფორმით. ვისაც ნამდვილად სურს, გაერკვეს დღევანდელობაში, კარგად უნდა უყუროს ამ ფილმს და ვისაც სურს, ააშენოს მომავალი, ამ ფილმისგან ისწავლოს წარსულის შეცდომებზე და წარსულიდან მომავლის ხედვაზე“, – აღნიშნა მეუფე დავითმა.

როგორც თელავის ისტორიის მუზეუმის დირექტორმა, გურამ ურჩუხიშვილმა აღნიშნა, ეს ფილმი ნებისმიერმა ადამიანმა უნდა ნახოს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ოდესმე ეჭვი ეპარებოდა ერეკლე მეფის სიმართლეში.

„მე განცვიფრებული ვარ იმ სიზუსტით, იმ სიმართლით. რაც იმ საუკუნეებში ხდებოდა, ქრონოლოგიურად ისე ლამაზად არის ყველაფერი გადმოცემული. მინდა, რომ ეს ნებისმიერმა ნახოს საქართველოში, ნებისმიერი ცენზის ადამიანმა, განსაკუთრებით იმათ, ვისაც ოდესმე ეჭვი ეპარებოდა ერეკლე მეფის სიმართლეში“, – განაცხადა გურამ ურჩუხიშვილმა.

ფილმის სატელევიზიო პრემიერა საქართველოს პირველ არხზე 18-19 თებერვალს, 22:00 საათზე გაიმართება.