თელავში, საქონლის ბაზარში დაპირისპირებისას დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში საქონლის ბაზარში დაპირისპირების გამო დაკავებულ დ.ლ-ს აღკვეთის ღონისძიებად თელავის რაიონულმა სასამართლომ გირაო შეეფარდა.
მოსამართლე ზვიად შარაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და დ.ლ-ს ს აღკვეთის ღონისძიების სახით ორი ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
გირაოს გადახდამდე დაკავებული საპატიმროში დარჩება.
თელავის საქონლის ბაზარში დ.ლ-სა და სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება დ.ლ-ს კუთვნილ ტერიტორიაზე საქონლის უნებართვოდ შეყვანას მოჰყვა. ადგილობრივების მტკიცებით, მსგავსი მიზეზით წარსულშიც რამდენჯერმე მოხდა მხარეებს შორის კონფლიქტი. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, კერძო მესაკუთრესა და მესაქონლეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში იარაღის შემთხვევით გასროლით კისრის არეში დაიჭრა ერთი პირი, სამმა კი, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. მომხდარის შემდეგ, პოლიციამ დ.ლ. დააკავა.