თელავში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი საზეიმოდ აღინიშნება
საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე, საქართველოს სხვა ქალაქებთან ერთად, თელავშიც საზეიმოდ აღინიშნება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, თელავის ცენტრში ღვინის ფესტივალი იმართება.
ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილია ღვინისა და ვაზის კულტურის ისტორიასა და ტრადიციებთან დაკავშირებული ვიზუალური მასალა, სხვადასხვა თემატური ფოტოსტენდი, ქართული ვაზის ჯიშების თეატრალიზებული წარმოდგენა, ასევე ჩატარდება შემეცნებითი ლექცია და სამეცნიერო დოკუმენტური ფილმის „საქართველოს ღვინის აკვანი“ ჩვენება.
ქალაქის ცენტრში მოწყობილ ღვინის მოედანზე მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვა.
თელავში საზეიმო ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და სოლომონ პავლიაშვილი, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებიან.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თელავის ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილია ასევე სამხედრო ტექნიკა. აქვე იმართება ხელნაკეთი აქსესუარებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა. ბავშვებისთვის მოეწყო გასართობი პროგრამა მხიარული სტარტებითა და სპორტულ-მუსიკალური შეჯიბრებებით.
მთელი დღის განმავლობაში ტარდებოდა კონცერტები, რომლებშიც მონაწილეობას ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად, თელავთან დამეგობრებული ლიეტუვასა და ბელორუსის ფოლკლორული ანსამბლები იღებენ.
ღონისძიება საღამოს გალა-კონცერტითა და გრანდიოზული „ფოერვერკით“ დასრულდება.