თელავში რთველი 2024-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი დაახლოებით 300 ათას ტონას შეადგენს.
„წლებია, რაც მევენახეობა-მეღვინეობის დარგი გამოვაცხადეთ პრიორიტეტად და ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩავდეთ ამ დარგის განვითარებისთვის. კონკრეტული შედეგები გვაქვს სახეზე და ეს არის გამოხატული როგორც ვენახების ფართობების, ასევე ღვინის ექსპორტის ყოველწლიურ ზრდაში. წელსაც, შვიდი თვის მონაცემებით, 20%-იანი ზრდა გვაქვს. შარშან გვქონდა რეკორდული ექსპორტი. შემოსავლის კუთხით წელს ველოდებით, რომ მევენახეების შემოსავალი იქნება რეკორდული, დაახლოებით 350 მილიონი. ამ პროცესის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რქაწითელის ჯიშის სუბსიდირებაზე. ყველა პირობა არის შექმნილი, რათა მაქსიმალურად ორგანიზებულად ჩატარდეს რთველი“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.
მინისტრმა მევენახეებსა და მეღვინეებს რთველის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, პროცესი ორგანიზებულად წარიმართოს და ყურძენი სრულად დაბინავდეს.
ოთარ შამუგიამ ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ქართული ღვინის ხარისხზე გაამახვილა ყურადღება.
სამინისტროს განმარტებით, მნიშვნელოვანია, ქარხნებმა კონდიციური, ხარისხიანი ყურძენი ჩაიბარონ. სწორედ ხარისხიანი ყურძენი განსაზღვრავს ღვინის ხარისხს და შემდგომ მის კონკურენტუნარიანობას, რაც, საბოლოოდ, ფასზე და ექსპორტის მაჩვენებლებზე ისახება.
„მევენახე ფერმერების მიერ მოწეული ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს, რაც 20 ათასზე მეტ მევენახეს – მოსავლის რეალიზაციის საშუალებას, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს.
სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და ერთ კგ ყურძენში ჩამბარებელს არანაკლებ 1.00 ლარს გადაუხდის. კახეთის რეგიონში, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია ერთ კგ რქაწითელზე 0.20 ლარს შეადგენს.
ქალაქ თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი (1501) 24-საათიანი რეჟიმში მუშაობს. რთველის საკოორდინაციო შტაბს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ხელმძღვანელობს“, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.
თელავში შტაბის გახსნას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატები გელა სამხარაული და ირაკლი ქადაგიშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.