თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 4 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება
თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი წელს 4 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. ინფორმაციას ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მსმენელის წინაშე წარდგებიან გამოჩენილი პიანისტები ელისო ვირსალაძე, ბორის ბერეზოვსკი, ალექსანდრე კორსანტია, ასევე ახალგაზრდა პიანისტი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი დანიელ პეტრიკა ჩობანუ; ვუნდერკინდად აღიარებული 14 წლის მევიოლინე მატვეი ბლუმინი, ვიოლონჩელისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები, ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი ალექსანდრ რამი და ბრუნო ფილიპი.
საფესტივალო ორკესტრს, რომლის შემადგენლობაში თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრის მუსიკოსები და უცხოეთიდან მოწვეული მუსიკოსები იქნებიან, უდირიჟორებს ფესტივალის დიდი ხნის მეგობარი არიელ ცუკერმანი.
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ თავისი 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ კონცერტს გამართავს.
გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში კონცერტს გამართავს „ალტერ ორკესტრი“ მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით.
სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის წინანდლის პარკის ტერიტორიაზე დაუკრავს სიმებიანი კვარტეტი „იბერი“.
ჩატარდება თბილისის ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეთა კონცერტი.
ამასთან, სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებენ გამოჩენილი მუსიკოსები.