თელავში მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-3 საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს მტევანი“ გაიმართება
თელავის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-3 საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს მტევანი“ 2024 წლის 2-6 სექტემბერს გაიმართება.
ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში კინოხელოვნების ხელმისაწვდომობის გაზრდას, პოპულარიზაციას და მის განვითარებას.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად შემოვიდა 3 425 ფილმი 124 ქვეყნიდან, ხოლო სელექციის შედეგად შეირჩა 71 ფილმი, რომელთაგანაც საუკეთესოს გამოავლენს საერთაშორისო ჟიური.
„გაიზარდა საკონკურსო პროგრამები და პრიზების რაოდენობაც. პრიზები დაწესდა შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო სცენარი როგორც მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური, ასევე ქართული სტუდენტური ფილმების კონკურსანტებისთვის. ასევე, გაიმართება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამა მასტერკლასებისა და ვორქშოფების სახით, რომელსაც ჩაატარებენ უცხოელი და ქართველი კინემატოგრაფისტები. წელს ფესტივალის მთავარ სიახლეს წარმოადგენს „ინდუსტრიული პლატფორმა“, რომლის ფარგლებში გაიმართება ფილმების პროექტების წარდგენა (Pitching). ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს, რომლებსაც გადაეცემათ ფულადი პრიზები“, – განაცხადა ფესტივალის დირექტორმა, გია დიასამიძემ.
ფილმების ჩვენება გაიმართება შემდეგ ლოკაციებზე: ისტორიული მუზეუმი – ერეკლე II სასახლე, თელავის სამუსიკო სასწავლებელი, თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი, სასტუმრო-ჰოლიდეი ინნი, ნადიკვარის პარკი.