თელავში მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
თელავში მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა, დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და 30 წლამდე ქალის მკვლელობაში ბრალდებულ თორნიკე გამხვეტელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულს ორჯერ მიეცა სიტყვის თქმის უფლება. გამხვეტელაშვილმა ჩადენილ ქმედებაში თავი დამნაშავედ ცნო, თუმცა სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ პროვოცირებას მარიამ გამტკიცულაშვილის მხრიდან ჰქონდა ადგილი.

მკვლელობა ორი დღის წინ თელავში, ალაზნის გამზირზე მოხდა. გამოძიების ცნობით, 22 წლის მამაკაცმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მარიამ გამტკიცულაშვილს შურისძიების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ყელისა და მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 22 ნოემბერს ჩაინიშნა.