თელავში, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ორგანიზებით, „დემოკრატიის ფესტივალი“ იმართება, რომელშიც ოპოზიციის წარმომადგენლები მონაწილეობენ
თელავში, არასამთავრობო ორგანიზაციის, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ (EECMD) ორგანიზებით, „დემოკრატიის ფესტივალი“ იმართება.
ფესტივალში მონაწილეობენ ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, „ერთიანობის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, „დემოკრატიის ფესტივალის“ არსია, მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა, გაეცნონ პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ ღონისძიებებში მრავალპარტიულ ფორმატში მონაწილეობის მიღება, რათა მოქალაქეებმა დაინახონ, რომ პოლიტიკურ პარტიებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის დემოკრატიის გაძლიერება, შეუძლიათ თანამშრომლობა, შეუძლიათ ერთად მუშაობა. ეს არის ის მოლოდინი, რომელიც საზოგადოებაში დღეს არსებობს და, ბუნებრივია, ჩვენი – პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების, რომ ამ საზოგადოებრივ დაკვეთას ვუპასუხოთ“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ფესტივალზე მოქალაქეებს საკუთარ საარჩევნო პროგრამას აცნობენ.
„გვინდა, ვუთხრათ ჩვენს თანამოქალაქეებს, რის გაკეთებას ვაპირებთ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. ეს არის 1 000-ლარიანი პენსია, 200 000 სამუშაო ადგილი, მეგაპროექტების დასრულება, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მობრუნება და ემიგრაციის დაბრუნება სამშობლოში. ამაზე ვესაუბრებით ჩვენს თანამოქალაქეებს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, „დემოკრატიის ფესტივალი“ ერთი კვირის წინ, 27 ივლისს წალენჯიხაშიც ჩატარდა, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები.