თელავის შესასვლელებთან ოთხი საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყო
თელავის შესასვლელებთან ოთხი საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყო

თელავში ოთხი საკონტროლო გამშვები პუნქტების მოწყობა დასრულებულია.

თბილისის, ყვარლის, ახმეტისა და გურჯაანის მიმართულებიდან თელავში შემომსვლელ ავტოტრანსპორტში, დადგენილი წესის შესაბამისად მგზავრთა რაოდენობის კონტროლს პოლიცია, ხოლო მოქალაქეების თერმოსკრინინგს სამხედრო ექიმები ახორციელებენ.

მთავრობისა და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად და დადგენილი წესის მიხედვით, ოთხივე პუნქტზე მიმდინარეობს 24-საათიანი მონიტორინგი. იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეს საეჭვო სიმპტომები აღმოაჩნდება, სასწრაფო-სამედიცინო ჯგუფი გადაწყვეტს, მას სტაციონარში გადაიყვანს თუ თვითიზოლაციის რეკომენდაციას მისცემს.

„ეს არის დამატებითი სკრინინგი და არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ რამენაირად იზღუდება მოქალაქეების ან ავტოტრანსპორტის გადაადგილება დასაშვები დროის მონაკვეთში“, – განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.

ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, ოთხივე საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მობილიზებულია ადგილობრივი დისლოკაციის სამხედრო ნაწილი და რეგიონის საპოლიციო ძალები. ტექნიკურ კომუნიკაციებს თელავის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.