თელავის სასამართლომ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს პატიმრობა შეუფარდა
თელავის სასამართლომ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს პატიმრობა შეუფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე მარინე ცერცვაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ბრალდებულების მხრიდან არსებობდა ხელახალი დანაშაულის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე, რასაც არ დაეთანხმა ადვოკატი. არჩილ დვალიშვილის თქმით, ორივე დაკავებული აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, რისი გათვალისწინებითაც ბაქირ ალიევისა და ალიხან ასლამოვისთვის 5000-5000-ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ბრალდებულებს სასამართლო პროცესზე სიტყვით არ უსარგებლიათ.

საგამოძიებო უწყება ორივე დაკავებულს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, „2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, თავისი ბიძის საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც არასრულწლოვან გოგონას შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის თაობაზე ცნობილი იყო გამტაცებლის ბიძისთვის და ბიძაშვილისთვის, რომლებმაც  დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს“.

წინასასამართლო სხდომა აღნიშნულ საქმეზე 5 დეკემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, 14 წლის არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულია და ბრალდება წარდგენილი აქვს კიდევ სამ პირს, მათ შორის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს გენდერის ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, ხოლო მოკლულის დედას და ბიძას ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე. სამივე მათგანს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვთ პატიმრობა.