თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას დაშავებული 16 ადამიანი რჩება
თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას დაშავებული 16 ადამიანი რჩება

თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას დაშავებული 16 ადამიანი რჩება.

როგორც საქართველოს პირველ არხს ემერნჯენსის განყოფილების ხელმძღვანელმა მარიამ მრელაშვილმა განუცხადა, ისინი სტაციონალურ მკურნალობას გადიან.

მისივე თქმით, 16 პაციენტიდან 15 პოლიციელია, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანებები ძირითადად სახის არეში აღენიშნებათ. ამასთან, ერთი პაციენტი პანკისში დაპირისპირებისას დაშავებული მოქალაქეა.

მარიამ მრელაშვილის განცხადებით, ყველა მათგანს შესაბამისი გამოკვლევები უტარდება. მისივე თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამასთან, როგორც მრელაშვილმა განაცხადა, შესაძლებელია, რომ ისინი ბინაზე დღესვე გაეწერონ.

პანკისის ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება ორჯერ მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

ადგილზე ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომლებიც აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.

გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს. ამასთან, მისივე განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც პანკისის ხეობაში ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას სამედიცინო დახმარება 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა, მათ შორის უმრავლესობა სამართალდამცველია.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.

პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.