თელავის პირველ საჯარო სკოლაში, სადაც 850 მოსწავლე სწავლობს, სასწავლო პროცესი დღეიდან დისტანციური მეთოდით გაგრძელდება. მიზეზი სკოლის ერთ-ერთი პედაგოგის კორონავირუსით დაინფიცირება გახდა.
კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შიოშვილმა არ გამორიცხა, რომ თელავში კიდევ ერთი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდეს, რადგან ერთ-ერთი მოსწავლის მშობელს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
„მშობლებმა თავისი ინიციატივით დღეს გერმანულ სკოლაში არ მიიყვანეს შვილები, თუმცა სწავლა იქ დღეს განახლდა და სასწავლო პროცესის სკოლაში გაგრძელება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე. კვლევების შემდეგ,თუ ისინი ჩათვლიან საჭიროდ, გერმანული სკოლაც გადავა დისტანციურ სწავლებაზე. რაც შეეხება პირველ საჯარო სკოლას, პედაგოგების ტესტირებას ჩაატარებენ და მათი რეკომენდაციების საფუძველზე გახდება ცნობილი, სკოლაში როდის განახლდება სასწავლო პროცესი. აღსანიშნავია, რომ ამ სკოლებიდან, მოსწავლის ინფიცირების შემთხვევა არ ფიქსირდება“, – განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.
ამასთან, რისკფაქტორების გათვალისწინებით, კახეთში თელავის, გურჯაანის, ყვარლის და სიღნაღის მუნიცპალიტეტებში, კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო შტაბის გადაწყვეტილებით შეწყდა გუნდური ტიპის კლასგარეშე წრეების ფუნქციონირება, როგორიცაა: ქორეოგრაფიული, სპორტული და მუსიკალური წრეები.
ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 150-ზე მეტია.