თელავის მუნიციპალიტეტში ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ
თელავის მუნიციპალიტეტში ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თელავის მუნიციპალიტეტში ლალისყურის, ფშავლისა და ლეჩურის მოსახლეობას შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებს ადგილობრივებმა არსებულ პრობლემებზე მიაწოდეს ინფორმაცია. ადგილობრივების თქმით, სოფელს არ მიეწოდება სასმელი და სარწყავი წყალი, გვალვისგან მოსავალი ნადგურდება. მოსაწესრიგებელია შიდა საუბნო გზები, მწვავედ დგას დასაქმების პრობლემა.

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მოსახლეობა რთველის მიმდინარეობით დაინტერესდა.

„ეტაპობრივად მიმდინარეობს ამ პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა, როგორც მუნიციპალიტეტის დონეზე, ასევე მელიორაციის სამსახურის მხრიდან. ასევე, მოსახლეობა დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს რთველი, როგორია ფასები. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მოსახლეობისგან რაიმე პრეტენზია და უკმაყოფილება რთველთან დაკავშირებით არ არსებობს“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოსა და რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა.