თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულ ვანო ზანდარაშვილს ბრალი დაუმძიმდა
თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულ ვანო ზანდარაშვილს ბრალი დაუმძიმდა

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციის მაღალჩინოსანს ბრალი დაუმძიმდა.

თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ვანო ზანდარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის ნაცვლად, 109-ე მუხლით გაგრძელდება, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

პოლიციის მაღალჩინოსნისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვდნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები.

„თავიდანვე ვამბობდით, რომ ქმედება 109- ე მუხლით უნდა დაკვალიფიცირებულიყო. ვეთანხმებით გამოძიებას, სწორია, რომ ბრალი დაამძიმა და ველოდებით სასამართლო პროცესს, სადაც ყველაფერი კიდევ უფრო უკეთესად გამოჩნდება“, – განაცხადა გარდაცვლილის ბიძაშვილმა, აკა საჩიშვილმა.

მკვლელობა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, 2020 წლის 25 დეკემბერს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა, თავისივე სამსახურებრივი იარაღით, პოლიციის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანაში, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურა საჩიშვილი რამდენიმე გასროლით მოკლა.

შემთხვევის დროს, მსუბუქად დაიჭრა თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი, ლევან ბეძენაშვილი, ავტომანქანაში მყოფ მესამე პირს დაზიანება არ მიუღია. არსებული ინფორმაციით, მკვლელობას ერთ-ერთ ოჯახში წვეულებაზე საჩიშვილსა და ზანდარაშვილს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 117- ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მოგვიანებით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქმედება 109-ე, დამამაძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაკვალიფიცირდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თელავის რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო სხდომა 8 აპრილს გაიმართება.