თელავის აეროპორტი „მიმინო“ საქალაქთაშორისო რეისების მისაღებად ემზადება. როგორც აეროპორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, „მიმინოს“ რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა და მოიცავს ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის (სამიმოსვლო ბილიკი, საჰაერო ხომალდის სადგომი) სრულ განახლებას. სარემონტო სამუშაოები გულისხმობს გრუნტოვანი და ასფალტის ფენების მოწყობას და შესაბამისი ნიშნებით მარკირებას. ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაოების თვის ბოლოს დასრულდება.
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, თელავის აეროპორტი სრულად იქნება მზად, მიიღოს შესაბამისი ტიპის საჰაერო ხომალდები საქართველოს ნებისმიერი აეროპორტიდან, როგორც ჩარტერული, ისე რეგულარული ფრენები. პროექტს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი ახორციელებს და ჯამური ინვესტიცია 2 მლნ ლარს აჭარბებს.
„რეაბილიტაციის შემდეგ, თელავის აეროპორტში განახლდება საფრენოსნო ფაკულტეტის სტუდენტების მომზადება და მათი პრაქტიკული ფრენები; ასევე, მზად იქნება 2B კატეგორიის აეროდრომის შესაბამისი საჰაერო ხომალდების მისაღებად, რაც გულისხმობს დაახლოებით 20 მგზავრზე გათვლილი საჰაერო ხომალდებით ფრენების შესრულებას“, – აცხადებენ აეროპორტის ადმინისტრაციაში.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მფლობელობაში მყოფი ქალაქ თელავში მდებარე ერეკლე მეორეს სახელობის აეროპორტი „მიმინო“ 2012 წელს გაიხსნა. აეროპორტის ტერიტორიაზე აშენდა თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის. ამჟამად აქ საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას გადიან. ადგილზე სამი ტიპის – Cessna 152, Aeroprakt A-22 და Tecnam P2006T თვითმფრინავებია წარმოდგენილი.