თელავის მუნიციპალიტეტის 27 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დაიწყო.
როგორც თელავის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა, ლევან მრელაშვილმა განაცხადა, სწავლას 8 ათასი ბავშვი შეუდგა, მათ შორის 850-მდე პირველკლასელია.
მისივე თქმით, ყველა პირველკლასელს გადაეცემა სასკოლო სახელმძღვანელო და ბუკები. სწავლის დაწყებამდე მოსწავლეები და ვიზიტორები თერმოსკრინინგს გაივლიან. მრელაშვილის განცხადებით, სკოლებში დაცულია ყველა ის რეგულაცია, რომელიც „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით სასწავლო დაწესებულება უნდა აკმაყოფილებდეს.
„დერეფნებში მოწყობილია სადეზინფექციო ხსნარების აპარატები, სკოლას აქვს იზოლაციის ოთახი და იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი თავს ცუდად იგრძნობს, მშობლების მოსვლამდე ოთახში მოათავსებენ“, – განაცხადა მრელაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტში ჰიბრიდული სწავლების მოდელი დაინერგა პირველ და მეოთხე საჯარო სკოლაში.