თელ ავივზე თავდასხმა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, იემენელმა „ჰუსიტებმა“ განახორციელეს
ისრაელის ქალაქ თელ ავივზე თავდასხმა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, იემენელმა „ჰუსიტებმა“ განახორციელეს.
თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე ზღვიდან შევიდა. ასაფეთქებელი მოწყობილობით მფრინავი უპილოტო აპარატი აშშ-ის დიპლომატიური მისიის შენობის მახლობლად დაეცა.
თელ ავივზე თავდასხმა დაგმო გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა და აღნიშნა, რომ მსგავსი სახიფათო მოქმედება რეგიონში შემდგომი ესკალაციის რისკებს აჩენს.
ისრაელის თავდაცვის ძალების მონაცემების თანახმად, რეგიონში კონფლიქტის დაწყების შემდეგ იემენელმა შიიტმა „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი უპილოტო აპარატი და ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს, რომელთა უმრავლესობა აშშ-ის სამხედრო ძალებმა გაანეიტრალეს.
თელ ავივის ცენტში თავდასხმა გამთენიისას, ისრაელის სამხედროების მიერ სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ უფროსი მეთაურის მკვლელობის დადასტურებიდან რამდენიმე საათში მოხდა.