თელ ავივში სადავო სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა
თელ ავივში ათასობით მოქალაქემ სადავო სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გამართა. დემონსტრანტები ხელისუფლებისგან ითხოვენ, გაიწვიოს საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტიდან, რომლის განხილვაც, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებით, მარტის ბოლოს დროებით შეჩერდა.
ინიციირებული რეფორმა, რომელიც ქნესეთმა პირველი მოსმენით თებერვალში მიიღო, უზღუდავს უზენაეს სასამართლოს უფლებამოსილებას, შეაჩეროს მთავრობის მიერ მიღებული კანონების მოქმედება. ასევე, მოსამართლეების შერჩევის პროცესში მთავრობის უფლებამოსილებას ზრდის.
ისრაელის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მის მიერ ინიციირებული ცვლილებები ხელისუფლების შტოების ძალაუფლების დაბალანსებას ემსახურება.