აშშ-ის ტეხასის შტატის გუბერნატორი ჯო ბაიდენს ფიცის დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, საზღვარზე მავთულხლართების გავლებას გააგრძელებს
აშშ-ის ტეხასის შტატის გუბერნატორი, გრეგ აბოტი ქვეყნის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ფიცის დარღვევაში ადანაშაულებს და საზღვართან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე უარს აცხადებს.
ტეხასის შტატის გუბერნატორის განცხადებით, ფედერალურმა მთავრობამ დაარღვია აშშ-ს და შტატებს შორის დადებული კომპაქტი, რადგან აშშ-ის აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს კონსტიტუციური ვალდებულება, აღასრულოს ფედერალური კანონები შტატების დასაცავად.
გრეგ აბოტის თქმით, პრეზიდენტმა ბაიდენმა დაარღვია ფიცი, რომ ერთგულად აღასრულებდა კონგრესის მიერ მიღებულ საიმიგრაციო კანონებს. ტეხასის შტატის რესპუბლიკელი გუბერნატორი აცხადებს, რომ არალეგალური შესვლის ფედერალური დანაშაულისთვის ემიგრანტების დევნის ნაცვლად, პრეზიდენტმა ბაიდენმა ფედერალურ სასამართლოებში თავისი ადვოკატები გაგზავნა, რათა უჩივლონ ტეხასის შტატს საზღვრის დასაცავად ზომების მიღების გამო.
გრეგ აბოტის განცხადებით, ბაიდენის უკანონო სასაზღვრო პოლიტიკის გამო, ბოლო სამ წელიწადში ქვეყნის სამხრეთ საზღვარი ექვს მილიონზე მეტმა უკანონო იმიგრანტმა გადაკვეთა, რაც აშშ-ის 33 შტატის მოსახლეობაზე მეტია. მისივე თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის მარცხმა, შეესრულებინა კონსტიტუციური ვალდებულება, აიძულა, კონსტიტუციის შესაბამისად, შტატში შეჭრის მდგომარეობა გამოეცხადებინა, რადგან შტატს აქვს თავდაცვის უფლება.
ფედერალურმა მთავრობამ სასამართლოში განაცხადა, რომ ტეხასის ეროვნულმა გვარდიამ სასაზღვრო პატრულს ფიზიკურად შეუშალა ხელი სამუშაოს შესრულებაში მდინარე რიო გრანდეს გარკვეულ ნაწილზე. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტეხასმა გადაამეტა თავის უფლებამოსილებას სასაზღვრო მავთულის ისე განთავსებით, რომ ფედერალური აგენტები ვეღარ შედიოდნენ საზღვარზე.
კვირის დასაწყისში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ქვედა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც სასაზღვრო პატრულის აგენტებს არ აძლევდა მავთულხლართის გაჭრის საშუალებას. სასამართლოს დადგენილების შემდეგ, ტეხასის შტატის გუბერნატორმა გრეგ აბოტმა განაცხადა, რომ ტეხასის მავთულხლართები ეფექტური შემაკავებელია საზღვრის უკანონო გადაკვეთის წინააღმდეგ, რომელიც წახალისებულია ბაიდენის ღია საზღვრის პოლიტიკით. ტეხასის გუბერნატორი აცხადებს, რომ გააგრძელებს მავთულხლართების გავლებას. გუბერნატორ გრეგ აბოტს მხარდაჭერა გამოუცხადეს ოკლაჰომის, სამხრეთ დაკოტის, ფლორიდის, ვირჯინიისა და ჯორჯიის შტატების რესპუბლიკელმა გუბერნატორებმა.