თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმის გამო, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს
თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმის გამო, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ირანის ელჩს აცნობეს, რომ დიპლომატურ წარმომადგენლობებზე თავდასხმები დაუშვებელია, ასევე მკაცრად დაგმეს აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა. უწყებაში ხაზი გაუსვეს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად, მიმღები მხარის ვალდებულებაა დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობის დაცვა და მისი თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
აზერბაიჯანულმა მხარემ ირანის ხელისუფლებას დაჟინებით მოსთხოვა, სასწრაფოდ დააკისროს პასუხისმგებლობა ტერაქტის ჩამდენ პირს, ჩაატაროს გამოძიება, გამოავლინოს და დასაჯოს ამ დანაშაულის დაგეგმვასა და ჩადენასთან დაკავშირებული სხვა მონაწილეები.
ელჩთან შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე მწუხარება გამოთქვა ბოლო დროს ირანში ანტიაზერბაიჯანული კამპანიის ჩატარების გამო, რაც, ბაქოს ცნობით, კიდევ უფრო ართულებს ისედაც რთულ ურთიერთობებს.
თავის მხრივ, ირანის ელჩმა, სეიდ აბას მუსავიმ აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა მკაცრად დაგმო, მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და მიუსამძიმრა გარდაცვლილის ოჯახს, ასევე აზერბაიჯანის მთავრობასა და ხალხს.
ირანის ელჩის განცხადებით, ირანის შესაბამისმა ორგანოებმა ინციდენტზე დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინეს, ამჟამად კი საკითხს ყველა შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო სწავლობს.
შეგახსენებთ, დღეს თეირანში აზერბაიჯანის საელჩოში შეიარაღებული პირი შეიჭრა და კალაშნიკოვის ავტომატიდან ცეცხლი გახსნა. მოკლულია საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაცვის ორი თანამშრომელი კი დაჭრილია. აზერბაიჯანულმა მხარემ მომხდარი ტერაქტად შეაფასა.