თეირანი ბირთვული პროგრამის შენარჩუნების სანაცვლოდ ევროპული ბიზნესის ირანში დარჩენას ითხოვს
ირანსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის 2015 წელს დადებული ბირთვული შეთანხმება რომ ძალაში დარჩეს, ირანი ევროკავშირისაგან მეტ მხარდაჭერას ელოდება. ოფიციალური თეირანი აცხადებს, რომ შეთანხმების ბედი დამოკიდებულია ორ გარემოებაზე: რამდენად შეძლებს ბრიუსელი დაიყოლიოს ირანში მოქმედი ევროპული ბიზნესი, რომ არ დატოვოს ქვეყანა, და მეორე- დაიცვას ირანის ნავთობის სექტორი სანქციებისგან. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფმა ენერგეტიკისა და კლიმატის საკითხებში ევროკომისარ მიგელ არიას ქანეტთან შეხვედრისასა განაცხადა. ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი CNBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა 8 მაისს დატოვა ირანთან 2015 წელს მიღწეული ბირთვული შეთანხმება, რომელსაც ხელი აშშ-მ, გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთმა და ჩინეთმა მოაწერეს.
ერთობლივი ხელშეკრულების ფარგლებში ირანმა ბირთვული პროგრამის შეზღუდვის ვალდებულება აიღო, სანაცვლოდ კი თეირანს 2012 წელს დასავლეთის ქვეყნების მიერ დაკისრებული ეკონომიკური სანქციების დიდი ნაწილი მოუხსენეს. მართალია, შტატების შეთანხმებიდან გასვლას არ ეთანხმებიან გარიგების მონაწილე დანარჩენი ქვეყნები, მაგრამ ვაშინგტონის პოზიციის გამო, რომელიც ირანზე ეკონომიკური სანქციების აღდგენას 90-180 დღეში აპირებს, შეთანხმება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ამერიკული სანქციების სამიზნე პირველ რიგში ირანის ნავთობის ინდუსტრია და ქვეყნის ცენტრალური ბანკი იქნებიან.
ევროკავშირის ლიდერები ცდილობენ, გადაარჩინონ ირანის ბირთვული შეთანხმება, მაგრამ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის ძალისხმევა საკმარისი არ არის. ოფიციალური თეირანის უკმაყოფილებას ირანში მოქმედი ევროპული კომპანიების დამოკიდებულება იწვევს, რომლებიც ვაშინგტონის მომავალმა სანქციებმა უკვე დააფრთხო და თუ სანქციების არიდების მყარ გარანტიებს ვერ მიიღებენ, ირანიდან გასვლას გეგმავენ.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი თვლის, რომ წამყვანი ევროპული კომპანიების განცხადებები ირანთან თანამშრომლობის შესაძლო შეწყვეტის შესახებ, არ შეესაბამება ბირთვული შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირის მიერ აღებულ ვალდებულებებს.
ირანზე 2015 წელს სანქციების მოხსნის შემდეგ, ევროკავშირი დღეში დაახლოებით 1 მილიონ ბარელ ირანულ ნავთობს ყიდულობს. ამერიკული სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით, თეირანი ევროკავშირს სთავაზობს, რომ ნავთობი დოლარის ნაცვლად ევროში შეიძინოს, ხოლო ფინანსური გარიგება საკუთარი ცენტრალური ბანკის მეშვეობით განახორციელოს.
თავის მხრივ, ევროკავშირიც ცდილობს სანქციების გვერდის ავლის გზები მონახოს. 2015 წელს სანქციების გაუქმების შემდეგ, ირანში ევროპული ინვესტიციების დონემ 2016 წელს 20 მილიარდ ევროს გადააჭარბა.
მხოლოდ გერმანული, 10 ათასზე მეტი კომპანია ირანთან ვაჭრობაშია ჩართული. ირანში ოპერირებენ ფრანგული ენერგოგანტი „ტოტალი“ და ავტოგიგანტი „პეჟო“, რომლებიც შეშფოთებულები არიან შექმნილი მდგომარეობით.
ამიტომ ევროკავშირი უკვე განიხილავს ირანთან ევროში ვაჭრობის და ახალი საკრედიტო ხაზების გახსნის საკითხებს. ასევე ბრიუსელმა დაიწყო მუშაობა კანონზე, რომელიც ევროპულ კომპანიებს ამერიკის სანქციებისგან დაიცავს. ევროკავშირი სანქციებით დაზარალებული კომპანიებისთვის ფინანსური კომპენსაციების ანაზღაურებასაც გეგმავს.
თუმცა, თეირანი შეთანხმების შენარჩუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გეგმავს, თუ ერთი მხრივ ევროპული ბიზნესი არ დატოვებს ირანს, და მეორეს მხრივ – სანქციები არ შეეხება ირანის ნავთობის ინდუსტრიას. თუ ეს ორი პირობა არ შედგა, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაცია იმუქრება, რომ განაახლებს ურანის გამდიდრებას იმ დონემდე, რაც ბირთვული იარაღის შესაქმნელად არის საჭირო.
ევროკავშირი ირანის მოთხოვნის განხილვას აპირებს.