თეიმურაზ წიქვაძე - ბაჩიაშვილის განცხადება აბსურდულია, მასშტაბური დანაშაულის შესახებ თუ ჰქონდა ინფორმაცია, რატომ აქამდე არ გაამჟღავნა? მისი მიზანია, ზიანი მიაყენოს ჩემი მარწმუნებლის საქმიანობას
გიორგი ბაჩიაშვილის განცხადება აბსურდული და უსაფუძვლოა. ასეთი მასშტაბური დანაშაულის შესახებ თუ ჰქონდა ინფორმაცია, რატომ აქამდე არ გაამჟღავნა, რატომ მაინცდამაინც დღეს? – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თეიმურაზ წიქვაძემ განაცხადა.
წიქვაძის თქმით, ბაჩიაშვილი აბსურდული რაღაცების დამტკიცებას ცდილობს.
„საზოგადოებას მოეხსენება, რომ ბაჩიაშვილის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე და მას ბრალი აქვს წარდგენილი ჩემი მარწმუნებლის კუთვნილი, დაახლოებით, 9 000 ბიტკოინის მითვისებაში. უკვე ჩატარდა წინასასამართლო სხდომა და სასამართლომ საქმე არსებითი განხილვისთვის გადააგზავნა, რაც სამართლებრივად ნიშნავს, რომ სასამართლომ დაინახა დანაშაულის ნიშნები. ჩემი, როგორც იურისტის, მოსაზრებაა, რომ სრულიად საკმარისი საფუძველი არსებობს, რათა გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს.
მოცემულობაში, როდესაც ბაჩიაშვილს ბრალდებულის სტატუსი აქვს და როცა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე აკეთებს განცხადებას, საზოგადოება თავად შეაფასებს, რამდენად სანდოა და რას ემსახურება ეს განცხადება. ჩემი აზრით, ზოგადად, ბაჩიაშვილი აბსურდული რაღაცების დამტკიცებას ცდილობს, მათ შორის იმას, რომ ბიტკოინების ნაწილში თურმე უფულო ინვესტორი იყო და ამ ტერმინის დამკვიდრებას ცდილობს. 400 მილიონს რაც შეეხება, ცხადია, ეს ნაწილიც აბსურდული და უსაფუძვლოა. ასეთი მასშტაბური დანაშაულის შესახებ თუ ჰქონდა ინფორმაცია და ეს ცნობილი იყო მისთვის, მაშინ რატომ არ გაამჟღავნა აქამდე, როდესაც ამის საშუალება ჰქონდა, რატომ მაინცდამაინც დღეს?“ – განაცხადა თეიმურაზ წიქვაძემ.
თეიმურაზ წიქვაძე მიიჩნევს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მიზანია, გარკვეული ზიანი მიაყენოს ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას.
„ჩემი აზრით, ალბათ მიზანია, გარკვეული ზიანი მიაყენოს ჩემი მარწმუნებლის საქმიანობას, მათ შორის, პოლიტიკურ საქმიანობას. მოგეხსენებათ, საარჩევნო პერიოდში საკმაოდ შეზღუდულია განცხადებებისთვის არეალი, ფაქტობრივად, რეაგირება რომ ვერ მოახდინოს ჩემმა მარწმუნებელმა, ალბათ ამ მიზნით არის ეს გაკეთებული. ამ ყველაფრის სამართლებრივ ანალიზს მოვახდენთ და საჭიროდ თუ ჩავთვლით, შესაბამისი რეაგირება გვექნება. პირი როცა ბრალდებულია და ასეთი განცხადებები ხორციელდება არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ამას საზოგადოება შეაფასებს სასოწარკვეთილი, თვითგადარჩენის ინსტინქტით მოქმედი ადამიანის განცხადებად, რასაც საერთო არაფერი არ აქვს სიმართლესთან. ცხადია, ეს ყველაფერი ემსახურება, პირველ რიგში, მის მიზანს, დანაშაულის ჩადენისთვის თავი აარიდოს პასუხისმგებლობას. მოგეხსენებათ, თუ დაუმტკიცდა ის მუხლები, რასაც ედავებიან, თუ არ ვცდები, ცხრა წელზეა საუბარი. გასაკვირიც არ არის მისი ქმედებები, მისი მხრიდან მოსალოდნელიც კი იყო“, – განაცხადა თეიმურაზ წიქვაძემ.
დღეს თანაინვესტირების ფონდმა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორის, დავით გალუაშვილის განცხადება გაავრცელა, სადაც გულუაშვილი ამბობს: „გავეცანი „ტვ პირველზე“ გასულ გადაცემას – „ნოდარ მელაძის შაბათის“ ანონსს, სადაც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი საუბრობს გარკვეულ ციფრებზე, თითქოს ბატონ ბიძინა ივანიშვილს „მითვისებული“ აქვს ბიუჯეტიდან 400 მილიონი აშშ დოლარი და მიანიშნებს, თითქოს ბატონი ბიძინა პოლიტიკურ და ფინანსურ მაქინაციებში იყო ჩართული. ბაჩიაშვილისთვის თუ ცნობილი იყო თანხების მითვისების ფაქტი, რატომ აცხადებს ამას არჩევნების წინ, ჩნდება ეჭვი, რომ ხდება თემების პოლიტიზება“.