თეიმურაზ მურღულია - სკოლაში არსებული ყველა პრობლემა პედაგოგთა კორპუსს არ უნდა დაბრალდეს
სკოლაში არსებული ყველა პრობლემა პედაგოგთა კორპუსს არ უნდა დაბრალდეს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ამ ადამიანებმა ბავშვების სწავლაში სიცოცხლე ჩადეს. შესაძლოა, ზოგიერთს მეტის გაკეთება უნდა და სასურველია, ბავშვებთან მუშაობის მიმართულებით მეტი იცოდეს, მაგრამ ზოგადად, პედაგოგთა კორპუსი არ უნდა დავადანაშაულოთ. სკოლაში ყველა ვერ შევა. სკოლაში შესვლაზე ჩვენ მაღალი ბარიერი და განახლებადობა გვჭირდება“, – განაცხადა თეიმურაზ მურღულიამ.
ამ განცხადებით თეიმურაზ მურღულიამ გადაცემაში სტუმრად მყოფ განათლების სპეციალისტს, რეზი აფხაზავას უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ დღეს პედაგოგთა კვალიფიკაციის სერიოზული დეფიციტია.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ ხდება იმის გაკონტროლება, თუ რამდენად კეთილსინდისიერად და სრულფასოვნად ასრულებს პედაგოგი თავის მოვალეობას, თეიმურაზ მურღულიამ განაცხადა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტი და რესურს ცენტრები მობილიზებული არიან, პედაგოგების საქმიანობა შეაფასონ, ცენტრალიზებულად ამოიტანონ და გადაწყვეტილების მიღება დირექტორებთან ერთად მოხდეს.
„სერტიფიკაციაზე ორიენტირებული რეფორმა იმას აკეთებს, რომ ყველა პედაგოგს მეტის, მათ შორის მოსწავლეებთან ურთიერთობის სწავლის სურვილი ჰქონდეს. გვყავს პედაგოგების ნაწილი, რომლებმაც ეს საკითხი არ იციან, რაც ისტორიული მემკვიდრეობაა, მაგრამ ამას ეტაპობრივად ვწყვეტთ. ყველანაირად ვასტიმულირებთ, სერტიფიკაცია ყველა პედაგოგმა გაიაროს და ყველას ვუბიძგებთ, თვითგანვითარებაზე იმუშაონ. ხელფასების ზრდის პოლიტიკა სერტიფიცირებული მასწავლებლის ხელფასის ზრდაზეა ორიენტირებული“, – განაცხადა თეიმურაზ მურღულიამ.