თეიმურაზ კუპატაძე - შეკრება-მანიფესტაციების დროს პოლიცია ყოველთვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოქმედებს
შეკრება-მანიფესტაციების დროს პოლიცია ყოველთვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოქმედებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც თეიმურაზ კუპატაძემ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროში შემუშავებული ინსტრუქციები, რომელიც არეგულირებს შეკრება-მანიფესტაციების მართვას, სრულ შესაბამისობაშია ეუთო/ოდირის სახელმძღვანელო პრინციპებთან.
„გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ პოლიცია შეკრება-მანიფესტაციების დროს, ყოველთვის მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. შინაგან საქმეთა სამინისტროში შემუშავებული ინსტრუქციები, რომელიც არეგულირებს შეკრება-მანიფესტაციების მართვას, სრულ შესაბამისობაშია ეუთო/ოდირის სახელმძღვანელო პრინციპებთან. შესაბამისად, სამართალდამცველების მხრიდან სპეციალური ღონისძიებების განხორციელება ხდება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, თანმიმდევრულად და განვითარებული მოვლენების საპასუხოდ. ანალოგიურად მოქმედებდა პოლიცია ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების დროსაც“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებას დღეს წარუდგინეს ვიდეოკოლაჟიც იმ საერთაშორისო საპოლიციო ღონისძიებების პრაქტიკის შესახებ, რომელთა გამოყენებითაც როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიციის მიერ შეკრება-მანიფესტაციის დროს მასების მართვა და საჭიროების შემთხვევაში, კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებების გამოყენება ხდება.