თეიმურაზ ჯანჯალიამ ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მაღალი რანგის თანამდებობის პირთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მაღალი რანგის თანამდებობის პირთა შეხვედრა (SOM), გაიმართა, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის, ევროკომისიის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს პრიორიტეტებზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით; ამ კუთხით განხილულ იქნა „აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ 2023 წლის სამუშაო გეგმა. ამასთან, მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში შემუშავებული საფლაგმანო პროექტების განხორციელების პროცესზე.
მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ევროკავშირთან არსებული ყველა ფორმატის და, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ეფექტიანად გამოყენების მნიშვნელობას, რაც უზრუნველყოფს ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტ დაახლოებას. თეიმურაზ ჯანჯალიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის როლზე პარტნიორი ქვეყნებისთვის და გეგმის ფარგლებში საქართველოსთვის შემუშავებული საფლაგმანო პროექტების განხორციელების ეკონომიკურ და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ევროკავშირთან დაკავშირებადობის, ენერგო უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო, ასევე ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე. აღნიშნულ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის პოტენციალის სრულად ათვისების აუცილებლობაზე და ევროკავშირსა და საქართველოს შორის შავ ზღვაზე დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის განვითარების სამომავლო გეგმებზე. აღნიშნულ კონტექსტში, თეიმურაზ ჯანჯალია შეეხო 2023 წელს დაკავშირებადობის საკითხებზე მაღალი დონის სემინარის თბილისში ჩატარების იდეას, რომელიც ამ ეტაპზე ევროკავშირთან მჭიდრო კონსულტაციების პირობებში თანხმდება.
გარდა ამისა, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილის მიერ ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე, ისევე როგორც უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მაღალი რანგის თანამდებობის პირთა შეხვედრა ყოველწლიურად იმართება და იმ დროისთვის პარტნიორობის ფარგლებში არსებული აქტუალური საკითხების განხილვას ეძღვნება.