თეიმურაზ ჯანჯალია - ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა პარტნიორები მაქსიმალურად ინფორმირებული იყვნენ საქმიანობის შესახებ, რომელსაც საქართველო ახორციელებს
ბერლინში ჩვენ ვიწყებთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს ელჩების შეკრებას და სწორედ ამ შეკრებაზე განვიხილავთ როგორც ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებთან ურთიერთობებს, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას. ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ფორმატში ჩვენ ძალიან აქტიურად განვიხილავთ ევროკავშირში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ ჟურნალისტებს ბერლინში განუცხადა, სადაც დღეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
მისი თქმით, ელჩები მოსაზრებებს გაცვლიან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მიეწოდოს პარტნიორებს ევროკავშირიდან საქართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.
„მოხდება ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, მოხდება მომავალი ქმედებების განსაზღვრა 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით, თუ რა შედეგები იქნა მიღწეული საქართველოს მიერ და როგორ უნდა მოხდეს ამ შედეგების მიწოდება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ, რომ შესაბამისი შეფასებები მოჰყვეს ამ ყველაფერს. ასევე, რა თქმა უნდა, საუბარი შეეხება საქართველოს მიერ გაწეულ საქმიანობას და იმ პირველ ანგარიშს, ე.წ. გაფართოების პირველ პაკეტს, რომელიც საქართველომ უკვე მიაწოდა ევროკავშირს, და სადაც საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებთან ერთად. სწორედ ეს არის ის ფორმატი, რომელშიც უკვე შემოდგომაზე, ევროკომისია მოამზადებს საქართველოზე ანგარიშს კანდიდატის სტატუსის შესახებ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობა და ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობები საზღვარგარეთ 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები მაქსიმალურად ინფორმირებული იყვნენ იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ“, – განაცხადა ჯანჯალიამ.