თეიმურაზ ჯანაშია სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაფინანსებაზე სააკაშვილის 2013 წლის განკარგულებები გაასაჯაროოს
საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა თეიმურაზ ჯანაშიამ და მისმა უფლებადამცველებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართეს.
ისინი პრეზიდენტს სთხოვენ, გაასაჯაროოს მიხეილ სააკაშვილის 2013 წელს გამოცემული განკარგულებები, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაფინანსებას შეეხება.
მათი განმარტებით, აღნიშნულით სასამართლო პროცესებზე ნათელი მოეფინება, რაში იხარჯებოდა სახელმწიფო ბიუჯედიტან გამოყოფილი თანხები.
„მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, გაასაჯაროოს მიხეილ სააკაშვილის 2013 წელს გამოცემული განკარგულებები, რომელიც შეეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაფინანსებას. ვფიქრობ, რომ ეს არის კონკრეტული ტესტი საქართველოს პრეზიდენტებისთვის და ამ ტესტის გავლის მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია, დავადგინოთ, პრეზიდენტები მოწოდებულები არიან თუ არა საქართველოში დემოკრატიის განვითარების, სასამართლოს განვითარების, დამოუკიდებელი სასამართლოს აშენებისთვის, თუ არიან ხელისუფლების ნაწილი, მათი დაკვეთების შემსრულებლები“, – აღნიშნა თემურ ჯანაშიამ.
ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, აღნიშნული საქმე პოლიტიკური, შერჩევითი მართლმსაჯულების კლასიკური ნიმუშია.
„პიჯაკების საქმესთან დაკავშირებით ბრალდების წაყენების დღიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულების, შერჩევითი მართლმსაჯულების კლასიკური ნიმუში. შესაბამისად, ამ საქმეს რომ წერტილი დაესვას, ამ ადამიანებმა, საზოგადოებამ, სასამართლომ ნახოს ობიექტური რეალობა, თუ რასთან გვაქვს საქმე, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოხსნას საიდუმლო გრიფი და დაცვის მხარეს გადმოგვცეს სასამართლოში წარსადგენად ის დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, როდესაც ფინანსთა მინისტრი იყო „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული, როდესაც მთელ სახელისუფლო ვერტიკალს აკონტროლებდა „ქართული ოცნება“, ზუსტად იგივე ხარჯები გაიწეოდა მთელი ერთი წლის განმავლობაში, რისთვისაც თემურ ჯანაშიას აქვს ბრალდება წაყენებული. ეს დოკუმენტები ნიშნავს, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი არ ჩადიოდა ამ ნაწილში დანაშაულს, არ შეიძლება, დანაშაულის ჩადენაში მაშინ ბრალდება ჰქონდეს წარდგენილი ჯანაშიას და მიხეილ სააკაშვილს“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.