თეიმურაზ ბობოხიძე - პარტია „მამული“ არის კონსტრუქციული ძალა, ჩვენ არაკვალიფიცირებული ვართ ხალხის მოტყუებაში, მოსყიდვაში, ბიუჯეტში ხელის ფათურში
ჩვენი პარტია „მამული“ არის კონსტრუქციული ძალა, ცენტრისტული, რომელიც არაკვალიფიცირებული ვართ, მაგრამ არაკვალიფიცირებული ვართ ხალხის მოტყუებაში, გადაგდებაში, აფერისტობაში, მოსყიდვაში, არაკვალიფიცრებული ვართ ბიუჯეტში ხელის ფათურში, – ამის შესახებ პარტია „მამულის“ თბილისის მერობოს კანდიდატმა თეიმურაზ ბობოხიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, სადაც თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დებატები იმართება.
თეიმურაზ ბობოხიძის თქმით, ყოველთვის ორიენტირებული იყვნენ იმაზე, რომ სახელმწიფო უფრო გამართული და ძლიერი ყოფილიყო.
„მოგესალმებით, თანამემამულენო. ჩვენი პარტია „მამული“ არის კონსტრუქციული ძალა, ცენტრისტული, რომელიც არაკვალიფიცირებული ვართ, მაგრამ ჩვენ არაკვალიფიცირებული ვართ ხალხის მოტყუებაში, გადაგდებაში, აფერისტობაში, მოსყიდვაში, არაკვალიფიცირებული ვართ ბიუჯეტში ხელის ფათურში. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ორიენტირებული ვიყავით იმაზე, რომ სახელმწიფო ყოფილიყო უფრო გამართული, უფრო ძლიერი. მინდა, ერთი ექსკლუზივი გავაკეთო პარტია „მამულთან“ დაკავშირებით, რა უკეთებია ამ პერიოდში. რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. 2014 წელს ჩვენი ინიციატივა წარვუდგინეთ განათლების სამინისტროს, საზღვარგარეთ დაბადებული ქართველი ბავშვები რომ ჩამოდიოდნენ საქართველოში, იხდიდნენ სკოლის გადასახადს. იმსჯელა სამინისტრომ და ეს გადასახადი შეუჩერა 2014 წლიდან, ფაქტობრივად ქართველი ბავშვები, ვინც საქართველოში ჩამოდის, არ იხდიან გადასახადს“, – განაცხადა თეიმურაზ ბობოხიძემ.
საქართველოს პირველ არხზე დებატები იმართება დედაქალაქის მერობის კანდიდატებს შორის: თამარ კეკენაძე – „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ #1; გიორგი ლომია – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ #8; ანა ბიბილაშვილი – „ლელო“ #9; მიხეილ ქუმსიშვილი – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ #10; გიორგი ქუთათელაძე – „საქართველო“ #13; თეიმურაზ ბობოხიძე – „მამული“ #15; გიორგი ლაღიძე – „გიორგი ლაღიძე – მომავალი საქართველო“ #20; არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ #23; გიორგი გახარია – „გახარია – საქართველოსთვის“ #25; ქეთევან ნაკაშიძე – „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“ #29; ევგენი ღვინიაშვილი – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ #30; ზაზა ხატიაშვილი – „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“ #37; კახა კალაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ #41; ანა დოლიძე – „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ #48; გიორგი გაჩეჩილაძე – „გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია“ #50. ამასთან, დებატებში მონაწილეობდა ნიკანორ მელია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ #5, რომელმაც მისასალმებელი სიტყვის შემდეგ დებატები დატოვა.