ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ მან ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ ისაუბრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე თანაბარი წვდომის მნიშვნელობაზე.
„მიმდინარე კვირაში შედგა ფართო კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინებზე თანაბარი წვდომა არსებითია „კოვიდ-19“-ის პანდემიის დასრულებისთვის. გარდაცვალების 3,5 მილიონი აღრიცხული შემთხვევის, გლობალურ ეკონომიკაში დაახლოებით 22 ტრილიონი დოლარის ოდენობის დანაკარგისა და ეპიდაფეთქებების გამამწვავებელი ახალი ვარიანტების გათვალისწინებით, პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის აზრით, სწორი პოლიტიკური ნება პანდემიის დასრულებას დაეხმარება.