ტედროს ადანომ გებრეისუსი - ჩვენ არ გვსურს მუდმივი კარანტინის რეჟიმი, თუმცა პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი აცხადებს, რომ ბოლო შვიდი კვირაა მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება. მისივე თქმით, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა გლობალურად იზრდება მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა უკვე გაიკეთა 780 მილიონზე მეტმა ადამიანმა.
ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, იანვარსა და თებერვალში ვირუსის შემთხვევების რიცხვი იკლებდა, მაგრამ ახლა მეშვიდე კვირაა შემთხვევათა რიცხვი კვლავ იზრდება და მეოთხე კვირაა ზედიზედ იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობაც. ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, მსოფლიოს ქვეყნების ნაწილი კვლავ რთულ მდგომარეობაშია, ამიტომ ვაქცინაციასთან ერთად აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვა ზომების შენარჩუნებაც.
„ქაოსი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების შეუთანხმებლობა იწვევს დაავადების გავრცელებას და ადამიანები კვდებიან“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.
მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასაც არ სურს, „მუდმივი კარანტინის რეჟიმები, თუმცა პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია“.
„კოვიდ-19“ არ არის გრიპი. სპეციალისტები ჯერ სათანადოდ ვერ ხვდებიან ინფექციის გრძელვადიან შედეგებს. ბევრი ყოფილი პაციენტი იუწყება, რომ მათ აღენიშნებათ სისუსტე, გონების დაკარგვა, უძილობა და დეპრესია“, – განაცხადა გებრეისუსმა.