ტედ პო - პუტინს, ამ ციმბირელ პლებეის სურს, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე პოლიტიკური და ტერიტორიული კონტროლი ჰქონდეს
რუსეთსა და პუტინს, ამ ციმბირელ პლებეის, სურს, ჰქონდეს პოლიტიკური და, ვფიქრობ, ტერიტორიული კონტროლიც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე. ის ამ მიმართულებით მიდის და ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ამას ვერ შეძლებს, – ეს განცხადება კონგრესმენმა ტედ პომ ვაშინგტონში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ქართველ ჟურნალისტებთან გააკეთა.
ტეხასელმა კონგრესმენმა და საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელმა, რომელიც კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი არაერთი რეზოლუციის თანაავტორი და ინიციატორია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაგმო.
„რაც შეეხება რუსეთს, მე ვხედავ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადად, ყველა ქვეყნის პრობლემად. რუსეთს ამ დრომდე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების ერთი მესამედი, ისინი იქ არალეგალურად იმყოფებიან და ტერიტორია უნდა დატოვონ. რაც შეეხება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს, პუტინს წინასწარ გაყალბებული აქვს და მოიგებს“, – განაცახდა ტედ პომ.
ერთსაათიანი შეხვედრისას კონგრესმენმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
ირაკლი კობახიძემ ტედ პოს ქვეყანაშ მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. როგორც კონგრესმენმა აღნიშნა, არ არის გამორიცხული, კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი კიდევ ერთი რეზოლუცია მომზადდეს.
„ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობები ძლიერდება. საქართველო აგრძელებს დასავლეთისკენ სვლას და ეხმარება აშშ-სა და ნატო-ს სხვა წევრ ქვეყნებს ავღანეთში. ჩვენ ვაგრძელებთ კანონმდებლობის დონეზე იმის ჩვენებას, რომ წარმომადგენელთა პალატა, კონგრესი, მხარს უჭერს საქართველოს.
ამ თემაზე რეზოლუციებიც გვაქვს მიღებული. ამ ეტაპზე, გეგმაში რაიმე კონკრეტული ახალი რეზოლუციის პროექტი არ გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, შესაძლებელია, მალე მომზადდეს რეზოლუცია ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების შესახებ“, – აღნიშნა ტედ პომ.