თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს უშანგი ჩხეიძის პორტრეტი შეემატა
თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს უშანგი ჩხეიძის პორტრეტი შეემატა

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის კოლექციას ახალი ექსპონატი შეემატა.

მუზეუმის დირექტორის, გიორგი კალანდიას ინფორმაციით, ოჯახთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, უშანგი ჩხეიძის მონუმენტური პორტრეტი, რომელზეც ცნობილი ქართველი მსახიობი „ჰამლეტის” როლშია დახატული, სასახლის კოლექციაში განთავსდება.

ნამუშევარი მეოცე საუკუნის გამორჩეულ ქართველ ფერმწერს კორნელი სანაძეს ეკუთვნის.

უშანგი ჩხეიძე მეოცე საუკუნის გამორჩეული არტისტია, რომელიც წლების განმავლობაში განასახიერებდა შექსპირის უკვდავი ნაწარმოების „ჰამლეტის” მთავარ პერსონაჟს. ჰამლეტის გმირი მსახიობმა პირველად 1925 წელს განასახიერა და შემდგომში სწორედ ამ როლით მოიპოვა საყოველთაო აღიარება.

უშანგი ჩხეიძეს 1933 წელს მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.

უშანგი ჩხეიძე 1953 წელს გარდაიცვალა.