თეატრალურმა უნივერსიტეტმა ცნობილ მსახიობს, ნანა ფაჩუაშვილს უმასპინძლა. შეხვედრას სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტები და თეატრალური სამყაროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მსახიობი სტუდენტებს თავის შემოქმედებაზე ესაუბრა და მათ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრა მასტერკლასის ნაწილსაც მოიცავდა, რომელიც მეტყველების სავარჯიშოებს და ამ კუთხით გამოცდილების გაზიარებას შეეხებოდა.
ღონისძიება, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძის ორგანიზებით, ციკლის „შეხვედრა თეატრალურში“ ფარგლებში გაიმართა.
„ძირითადად მაინც მინდა გაიგონ, რა ურთულესი და უმშვენიერესი პროფესიაა მსახიობობა და იყვნენ პროფესიონალები. მინდოდა, მათგან გამეგო, რისთვის არიან მზად, რა სიძნელეებისათვის, რა თავგანწირვისთვის. რა თქმა უნდა, წარმატება გარკვეულწილად ბედზეა დამოკიდებული, მაგრამ ასევე შრომაზე და უდიდეს სიყვარულზე, რაც მე ჩემი პროფესიის მიმართ მაქვს“, – განაცხადა პირველ არხთან საუბრისას მსახიობმა ნანა ფაჩუაშვილმა.