პარლამენტში მომავალ კვირას იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მოუსმენენ.
თეა წულუკიანი 19 თებერვალს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მოქმედი მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის 2013-2017 წლების ანგარიშს წარადგენს.
ამასთან, იუსტიციის მინისტრი ისაუბრებს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხებზე, ასევე არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე.
მმართველი გუნდი „მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ამზადებს, რომელიც ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარეობს.
კერძოდ, ახალი კონსტიტუციით, საქართველოს მოქალაქე სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობას ავტომატურად აღარ დაკარგავს, თუმცა მოქალაქეობის მიღებისა და დაკარგვის წესი ორგანულმა კანონმა უნდა განსაზღვროს.