იუსტიციის მინისტრმა 67-ე საზოგადოებრივი ცენტრი ტყიბულში გახსნა. თეა წულუკიანმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სახალხო დღესასწაული „ტყიბულქალაქობა“ და საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა ერთად მიულოცა.
მისი თქმით, მომდევნო დღეებში საზოგადოებრივი ცენტრები ხულოსა და ქედაშიც გაიხსნება.
გახსნის ღონისძიებაში იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძეც მონაწილეობდა, ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე, ტყიბულის თვითმმართველობის წევრები, მიწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა.
ახალგახსნილი საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით ტყიბულის და მისი მიმდებარე 11 სოფლის 24 ათასზე მეტი მცხოვრები ისარგებლებს.
იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრები ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზეა ორიენტირებული. მომხმარებელი ადგილზე 200-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სერვისით ისარგებლებს. ტყიბულის საზოგადოებრივი ცენტრი იმერეთის რეგიონში რიგით მეთხუთმეტეა.
67-ე საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კონცერტი გაიმართა.
მიმდინარე წლის ბოლომდე რვა საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაა დაგეგმილი, კერძოდ: ქედაში, ხულოში, ამბროლაურში, დუშეთში, ცაგერში, თეთრიწყაროში, ჭრებალოსა და ყაჩაღანში.