თეა წულუკიანმა „ნიჭიერთა ათწლედის“ ხელმძღვანელობასთან ერთად, სასწავლებლის შენობის საკითხზე იმსჯელა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან შეხვედრების ფარგლებში, თეა წულუკიანმა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში „ნიჭიერთა ათწლედი“ შეხვედრა გამართა.
ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მინისტრმა სასწავლებლის შენობა დაათვალიერა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო. სასწავლებლის ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრაზე მსჯელობა გაიმართა ნიჭიერთა ათწლედის შენობის საკითხზე. სასწავლებელს 2006 წლიდან, მას შემდეგ, რაც მაშინდელმა ხელისუფლებამ თბილისში, ძმებ ზუბალაშვილების ქუჩაზე მდებარე შენობა ჩამოართვა, აქვს შენობის პრობლემა და დროებით შეხიზნულია რიწის ქუჩაზე არსებულ შენობაში.
„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის სასწავლებლის შენობა ახლოს უნდა იყოს სახელმწიფო კონსერვატორიასთან, ვინაიდან „ნიჭიერთა ათწლედის“ პედაგოგები კონსერვატორიაშიც მუშაობენ. ვინაიდან ამავე რაიონში არ არსებობს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და სასწავლებლისთვის გამოდგება, თეა წულუკიანმა შესთავაზა სასწავლებლის ხელმძღვანელობას, ჩატარდეს რიწის ქუჩაზე მდებარე შენობის მდგრადობის ექსპერტიზა, ხოლო თუკი ექსპერტიზის პასუხი იქნება დამაკმაყოფილებელი, სასწავლებელს მოცემული შენობა საკუთრებაში გადაეცეს და მოხდეს შენობის რეკონსტრუქცია იმ მიზნით, რომ სამუსიკო სასწავლებლისთვის შესაბამისი სივრცეები (როგორც სასწავლო, ასევე დარბაზები) მოეწყოს. ნიჭიერთა ათწლედის ხელმძღვანელობამ გაიზიარა მინისტრის ინიციატივა და გადაწყდა, რომ შენობას უახლოეს პერიოდში ექსპერტიზა ჩაუტარდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.