ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს წევრებმა არსებული ვითარების ანალიზი უნდა წარადგინონ
იუსტიციის მინისტრის მოწვევით ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.
ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. მინისტრის განცხადებით, საბჭო მსჯელობს სახელმწიფოს ახალ ნარკოპოლიტიკაზე, რომელიც უნდა შეიქმნას ყველა შესაბამისი უწყების და ინსტიტუტის ჩართულობით, რათა ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდეს კომპლექსურად გააზრებული, სრულფასოვანი და დაბალანსებული სტრატეგია; ნარკოპოლიტიკა, რომელიც არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მაქსიმალურად იქნება მორგებული ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებს.
„ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ნარკოპოლიტიკის ამოცანაა, ერთი მხრივ, შემცირდეს ნარკოტიკებით მიყენებული ზიანი, მოხდეს ნარკოტიკების პრობლემური მოხმარების პრევენცია, დაინერგოს შესაბამისი სერვისები და სხვა, მეორე მხრივ კი, მაქსიმალურად ეფექტიანი პოლიტიკა განხორციელდეს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცვლილებებისთვის აუცილებელია, შეიქმნას შესაბამისი წინაპირობები.
2013 წლიდან უწყებათაშორისი საბჭო ყველაფერს აკეთებდა ნარკოტიკებთან მიმართებით პოზიტიური ცვლილებებისათვის. შეგახსენებთ იმ ფაქტს, რომ აქამდე არსებობდა ერთგვარი სტანდარტი ჯანდაცვის სფეროში, რომლის თანახმადაც, ნარკომომხმარებელი ადამიანის ზედოზირების შემთხვევაში ექიმი ვალდებული იყო, პაციენტთან მისვლამდე პოლიცია ჩაერთო საქმეში. ჩვენი საბჭოს მონაწილეობით და ბატონი დავით სერგეენკოს უშუალო გადაწყვეტილებით, გაუქმდა აღნიშნული ბრძანება.
ამის გარდა, ჩვენი საბჭო შექმნის დღიდან ცდილობდა, ნარკოპოლიტიკის მიმართულებით შეექმნა სადისკუსიო სივრცე, რომელიც როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე ექსპერტების ჩართულობას უზრუნველყოფდა. დარწმუნებული ვარ, რომ საბჭოს არცერთი წევრი ძალისხმევას არ დაიშურებს ახალი გამოწვევების დასაძლევად“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხებზე საკუთარი ხედვები და მოსაზრებები წარადგინეს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ.
სხდომის ბოლოს გამართულ დისკუსიაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა საკუთარ პოზიციებზე ისაუბრეს.
თეა წულუკიანმა კომისიას ორი კვირის ვადაში – კომისიის ყველა წევრის უკვე შეჯერებული პოზიციების ასახვა, ჯანდაცვის, განათლებისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებს კი, მათი სფეროების მიხედვით დღეს არსებული ვითარების ანალიზის წარდგენა სთხოვა და მომდევნო სხდომა 4 კვირის თავზე დანიშნა.
„მომდევნო სხდომისთვის ჩვენ, ყველას, ზუსტად გვეცოდინება, ვის რა პოზიციები გვაქვს, ვინ რას ვეთანხმებით და რას არა, ასევე, რისი რესურსი აქვს სახელმწიფოს. ის საკითხები, რაზეც ყველანი ვთანხმდებით, უნდა დავძრათ, და ეს იქნება მომდევნო სხდომის კონკრეტული შედეგი; რაზეც არ გვაქვს კონსენსუსი, იმ საკითხებზე მსჯელობას და პოზიციების შეჯერებას გავაგრძელებთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.