თეა წულუკიანმა ლიბანიდან საქართველოში ჩამოტანილი ქართული ხელნაწერები სახელმწიფო ორგანიზაციებს გადასცა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროს მიერ ლიბანში წარგზავნილი სამეცნიერო ექსპედიციის მიერ საქართველოში ჩამოტანილი ქართული ხელნაწერები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, საქართველოს ეროვნულ არქივს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადასცა.
სამეცნიერო ექსპედიციის წევრები იყვნენ: საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია, სორბონის უნივერსიტეტის დოქტორი ნანა მირაშვილი და აღმოსავლეთმცოდნე თამარ დემეტრაშვილი.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ლიბანში, ქალაქ საიდასთან მდებარე მაცხოვრის მონასტრის (ORDRE BASILIEN DU SAINT-SAUVEUR) ბიბლიოთეკაში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ქართველ მეცნიერთა ექსპედიციის მუშაობის შედეგად, საქართველოს გადმოეცა ოთხი ქართული ხელნაწერის ციფრული ვერსია.
„მე-18 საუკუნით დათარიღებული ეს ხელნაწერები ლიტურგიკული ხასიათისაა. ერთ-ერთი ქართული ხელნაწერი XX საუკუნის დასაწყისში ქართველმა სასულიერო პირმა და მეცნიერმა შალვა ვარდიძემ შეისწავლა, დანარჩენი სამის არსებობა კი ქართული სამეცნიერო საზოგადოებისათვის საერთოდ უცნობი იყო.
საქართველოში ჩამოტანით ისინი სამეცნიერო წრეებისთვის ხელმისაწვდომი ხდება და, ამგვარად, მეცნიერებაში დაინერგება ახალი საკვლევი მასალა. მონაპოვარი უაღრესად საყურადღებოა ეროვნული თვალსაზრისით – მას აქვს იმგვარი კულტურულ-რელიგიური ღირებულება, რომელიც ადასტურებს საქართველოსა და აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის უძველეს კულტურულ და სასულიერო კონტაქტებს.
ლიბანში ქართველთა კულტურული მემკვიდრეობის შემსწავლელი პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ქართული სამეცნიერო საზოგადოებისთვის; გამოკვლევები მათ დაეხმარება სათანადოდ შეაფასონ და გააანალიზონ საქართველოს როლი ლიბანისა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში. ლიბანის ქართული კულტურული მემკვიდრეობის მონაცემებით ისარგებლებენ, პირველ რიგში, უმაღლესი სასწავლებლები, ჰუმანიტარული მიმართულების სამეცნიერო დარგთა წარმომადგენლები, განსაკუთრებით – ისტორიკოსები, ასევე ფილოლოგები, ახალი და უახლესი ისტორიით დაინტერესებული მკვლევრები და კულტუროლოგები.
პროექტის შედეგები ღირებული და მნიშვნელოვანია არა მარტო ისტორიული კავშირების კვლევის თვალსაზრისით, არამედ ქართველოლოგიის, ბიზანტინოლოგიისა და აღმოსავლეთმცოდნეობის განვითარებისათვის“,- აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.
ხელნაწერთა გადაცემის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის ფონდების დაცვის დეპარტამენტის უფროსი თამარ აბულაძე, საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი სოფრომაძე, მეცნიერები ნანა მირაშვილი და თამარ დემეტრაშვილი.