თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროს რვაწლიანი მუშაობის შედეგები წარადგინა
ბოლო რვა წლის მანძილზე ჩვენ გავატარეთ ყველა ის ფუნდამენტური რეფორმა, რამაც ჩვენს მოქალაქეებს მისცა უფრო მეტი თავისუფლება, უფრო მეტი ინსტიტუციური დემოკრატია, გავატარეთ რეფორმები, რომლებმაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას შეუწყო ხელი და ხელი შეუწყო ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას 2014 წელს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროს რვაწლიანი მუშაობის შედეგების წარდგენისას განაცხადა.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, პირველ რიგში, გატარდა სასამართლოს საკანონმდებლო რეფორმა: მოხდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზაცია და მასში წევრობა შეუწყდათ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს; მოსამართლე გახდა მაქსიმალურად დაცული გარე ზეწოლისაგან; მოსამართლეს პირველად მიეცა შესაძლებლობა, თავისი ან კოლეგის კანდიდატურა დააყენოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე, მაშინ როცა მანამდე ამ უფლებით ექსკლუზიურად სარგებლობდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე; კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრის ასარჩევად გახდა ფარული; დაიხვეწა მოსამართლის დისციპლინური დევნის პროცედურები; სასამართლო დარბაზებში დაშვებულ იქნა მედია და სატელევიზიო კამერები; შემოღებულ იქნა პირველად ჩვენს ქვეყანაში მოსამართლის შეფასების ინსტიტუტი; გატარდა რეფორმა მოსამართლის შიდა ზეწოლისაგან დაცვის გარანტიების შემოსაღებად; წესად დადგინდა მოსამართლის თანამდებობაზე მხოლოდ კონკურსით დანიშვნა; შემოღებულ იქნა სასამართლოში შესული საქმეების ელექტრონულად, შემთხვევითობის პრინციპის დაცვით განაწილება, რითაც აღმოიფხვრა ე.წ. ჯიბის მოსამართლის ინსტიტუტი; სასამართლოს თავმჯდომარეებს გაუჩნდათ ვალდებულება, თავადაც განიხილონ საქმეები და მათ ჩამოერთვათ საკუთარი სასამართლოს მოსამართლეების დისციპლინური დევნის უფლებამოსილება; ამით აღმოიფხვრა რაიონული სასამართლოების სამინისტროსავით მართვა, რადგან სასამართლო სამინისტრო არ არის, ის ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ მოსამართლეთა სამუშაო ადგილია; შემოღებულ იქნა დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი; აიკრძალა მოსამართლის მივლინებაში გაგზავნა მისი თანხმობის გარეშე და ამ გზით საქმისგან ჩამოცილება; გაფართოვდა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმები და უზენაესმა სასამართლომ შეიძინა რეალური სასამართლო რგოლისა და მოქალაქისათვის უკანასკნელი იმედის ფუნქცია; შემოღებულ იქნა ნოვატორული და ევროპის არაერთი ძირძველი დემოკრატიის ქვეყნისათვის მისაბაძი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი.
„ჩვენ არ ვენდობით ჩვენივე შეფასებებს, ჩვენ ვენდობით მსოფლიოში აღიარებულ კვლევის გიგანტებს, რომელსაც ასევე ენდობიან ევროპული ქვეყყნების ლიდერები. 2018 წელს, „Ipsos Public Affairs France“-მა დადო ასეთი შეფასება: სასამართლო რეფორმის სამი ტალღის შედეგად:
- რესპოდენტთა 55% თვლის, რომ სასამართლო არის უფრო სამართლიანი;
- რესპოდენტთა 52% ეთანხმება მოსაზრებას, რომ სასამართლო არის უფრო სანდო;
- რესპონდენტთა 51% მოსამართლეებისა და სასამართლოების დამოუკიდებლობას დადებითად აფასებს.
ეს მაჩვენებლები არის ის, რაც ქვეყანას 2004-2012 წლებში არ ჰქონდა. ეს შედეგები გვაქვს ახლა და ისინი ემთხვევა საშუალო ევროპულ მაჩვენებლს. ეს კარგი შედეგები აჩვენებს, რომ რეფორმა ღირს და რეფორმა უნდა გაგრძელდეს, თუ გვინდა, რომ ვაჩვენოთ კიდევ უკეთესი შედეგი. მოცემული რეფორმების შედეგად მოსახლეობას გაუჩნდა მართლმსაჯულებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების უფრო მეტი ნდობა, რამაც 8-ჯერ შეამცირა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამასთან, თეა წულუკიანი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერია და საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო, იუსტიციის მინისტრის თანამდებობას ტოვებს.