თეა წულუკიანმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარ სამმართველოს ახალი ავტომანქანები გადასცა
თეა წულუკიანმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარ სამმართველოს ახალი ავტომანქანები გადასცა

თეა წულუკიანმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარ სამმართველოს ახალი ავტომანქანები გადასცა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარ სამმართველოს ესკორტირების ახალი, სპეციალიზებული ავტომანქანები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი მანქანა გადასცა. ღონისძიება მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოსთვის პირველად იქნა შეძენილი სპეციალიზებული, ქარხნული წესით დამზადებული, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით და პროფესიონალური საავტომობილო ციფრული რადიოსადგურით აღჭურვილი ესკორტირების ავტომანქანები. პირველ ეტაპზე ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარ სამმართველოს მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში 29 ავტომანქანა გადაეცა, მათ შორის ერთი შშმ პირებისთვის ადაპტირებული. დღეს კი მთავარ სამმართველოს ესკორტირების 15 და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ავტომანქანა გადაეცა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ახალი მანქანების შესყიდვის აუცილებლობა პენიტენციურ სისტემაში არსებულმა მწვავე დეფიციტმა განაპირობა. მინისტრის განმარტებით, 2012-2015 წლებში პენიტენციური სისტემისთვის 36 მანქანა იყო შესყიდული, რომელთაგან უმეტესობა მწყობრიდან გამოსვლის გამო ექსპლუატაციიდან იყო ამოღებული.

„იმ პერიოდისთვის, როდესაც მიმდინარე წლის სექტემბერში ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარ სამმართველოს 29 ახალი, სპეციალიზებული მანქანა გადავეცით, სისტემას სულ 25 ავტომანქანა ემსახურებოდა, რაც პატიმრების სასამართლო პროცესებსა და სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანას აფერხებდა. 2019 წლის დასაწყისისთვის ესკორტირების მანქანების და ესკორტის ოფიცრების დეფიციტის მიზეზით ყოველთვიურად დაახლოებით 250-300 სასამართლო პროცესი იშლებოდა. ესკორტის ოფიცერთა რიცხვის ზრდამ მიმდინარე წლის მარტიდან ივლისამდე პერიოდში ესკორტის ოფიცერთა დეფიციტის გამო ჩაშლილი სასამართლო პროცესების რაოდენობა ორჯერ შეამცირა. ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოსთვის 29 ახალი ავტომანქანის გადაცემით სასამართლო პროცესებსა და სამოქალაქო სექტორის კლინიკებში თავისუფლებააღკვეთილი პირების გადაყვანის პრობლემა მინიმუმამდე იქნა დაყვანილი. მიმდინარე წლის ნოემბერში მხოლოდ 19 პროცესი ჩაიშალა, ხოლო სისტემისთვის დამატებით 15 ავტომანქანის გადაცემის შემდეგ, ესკორტირების მანქანების დეფიციტის მიზეზით სასამართლო პროცესები აღარ ჩაიშლება და პატიმრების სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანაც დროულად და უსაფრთხოდ მოხდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ესკორტირების მანქანებისა და ესკორტის ოფიცრების დეფიციტის მიზეზით პენიტენციურ სისტემაში 2017 წლიდან სამედიცინო მომსახურების მომლოდინეთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი რიგი იდგა. კერძოდ, 2019 წლის ნოემბრის მდგომარეობით, რეფერალის მომსახურების მიღება ესაჭიროებოდა სულ 2382 ბრალდებულ/მსჯავრდებულს, რომელთაგანაც, გეგმური ამბულატორიის 1 200 შემთხვევაში და გეგმური სტაციონარის 500 შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების ვადები დაირღვა. როგორც ზემოთ აღინიშნა, 2019 წელს ესკორტირების მანქანების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. ასევე გაიზარდა ესკორტის ოფიცერთა რაოდენობაც, რადგან 2019 წლის განმავლობაში პირველად პენიტენციურ სისტემაში ღია კონკურსის გზით დასაქმდა ესკორტის 128 ოფიცერი. საკადრო დეფიციტის შევსებამ და ესკორტის მანქანების შესყიდვამ შესაძლებელი გახადა სამედიცინო მომსახურების მომლოდინეთა მომსახურების დაწყება.

„2019 წლის 9 დეკემბრიდან დაიწყო რეფერალის ე.წ. რიგში მდგომთათვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევა რეფერალის გზით. დღეის მდგომარეობით, სტაციონარული მომსახურება უკვე გაეწია 100-მდე ბრალდებულ/მსჯავრდებულს, ხოლო ამბულატორიული – 50-ს. წლის ბოლომდე სტაციონარული სამედიცინო მომსახურება გაეწევა დაახლოებით 70 პატიმარს, ხოლო ამბულატორიული – 50 ბრალდებულ/მსჯავრდებულს. ამასთან, ჩვენ ვგეგმავთ, რომ სტაციონარული მომსახურების მომლოდინეთა რიცხვი 2020 წლის მარტის ბოლოს, ხოლო ამბულატორიული მომსახურების რიგი – აპრილის ბოლოს გავანულოთ. შესაბამისად, 2020 წლის აპრილის ბოლოს ყველა პატიმარი, რომელიც ჯერ კიდევ 2017 წლიდან სამედიცინო მომსახურების რიგში იდგა და ამდენი ხნის განმავლობაში სათანადო სამედიცინო სერვისს ვერ იღებდა, სრულად დაკმაყოფილდება. ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, სათანადო მომსახურება გაეწევათ იმ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს, ვისაც ამ პერიოდში შეექნება ამის საჭიროება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.