თეა წულუკიანმა ეროვნული არქივის განახლებული კინოდარბაზი გახსნა
თეა წულუკიანმა ეროვნული არქივის განახლებული კინოდარბაზი გახსნა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ეროვნული არქივის განახლებული კინოდარბაზი გახსნა.

ღონისძიება წუთიერი დუმილით დაიწყო – დარბაზში შეკრებილებმა ტყიბულში დაღუპულ მეშახტეებს მიაგეს პატივი.

​კინოდარბაზი 1934-1935 წლებში გადაღებული ერთ-ერთი პირველი ანიმაციური ფილმით „არგონავტები – კოლხიდა“ გაიხსნა. ფილმის ავტორია ლადო მუჯირი, მხატვარი ლადო გუდიაშვილი, კომპოზიტორი შალვა აზმაიფარაშვილი.

140 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კინოდარბაზი საქართველოში იქნება ერთადერთი კინოთეატრი, სადაც ფილმის პროექცია კინოფირიდანაც იქნება შესაძლებელი; განახლებულ კინოდარბაზში ციფრულ აპარატურასთან ერთად დამონტაჟდა პროექტორი, რომელიც კინოფირზე გადაღებული ფილმების მაქსიმალური ხარისხით ჩვენებას უზრუნველყოფს. თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო დარბაზის აუდიო და აკუსტიკური სისტემაც.

ამასთან, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გამოფენა „ქართული კინო ფოტოებში“. ექსპოზიცია მოიცავს ქართული მხატვრული ფილმების გადასაღები მოედნების უნიკალურ ფოტოებს, რომლებიც ასახავს არამხოლოდ ფილმის კადრებს, არამედ გადაღების პროცესს.

კინოდარბაზი ეროვნული არქივის შენობაში 1970-იანი წლების ბოლოდან 1990-იანი წლების დასაწყისამდე მოქმედებდა. იმ პერიოდში მისი ძირითადი დანიშნულება თემატური კინოსეანსების გამართვა იყო. ტექნიკური პრობლემების გამო, კინოდარბაზს ფუნქცია 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდა დაკარგული და დოკუმენტების საცავად იყენებდნენ.

საქართველოს მასშტაბით ეროვნული არქივი დოკუმენტური ფილმებისა და კინოჟურნალების ყველაზე დიდი საცავია. აქ დაცულია 5252 დოკუმენტური ფილმი, 3194 კინოჟურნალი, 1032 კინოსიუჟეტი, 111 მხატვრული და 38 ანიმაციური ფილმი.

დღევანდელ ღონისძიებას ეროვნული კინოცენტრის, „კინემატოგრაფისტთა კავშირის“, „ქართული ფილმის“ წარმომადგენლები, სხვადასხვა თაობის ქართველი კინორეჟისორები, კინოკრიტიკოსები, კინოს სფეროს მოღვაწეები, „პიონერფილმის“ პედაგოგები და მოსწავლეები, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების კინოხელოვნების მიმართულების სტუდენტები ესწრებოდნენ.