თეა წულუკიანმა ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე მდებარე მულტიფუნქციური სახელოვნებო სივრცის მშენებლობა დაათვალიერა
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე გამორჩეული ისტორიის მქონე ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე, ყოფილი ხის საამქროს ადგილზე, ახალი ნაგებობის მშენებლობა დაათვალიერა.
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ძველი შენობა, რომელიც ავარიული იყო, დაარღვიეს და მის ადგილას ახალი მშენებლობა დაიწყო.
„სამუშაოების დროს მიწის ქვეშ აღმოჩნდა ორი აგურით ნაგები გვირაბი, რომლებიც ასევე იქცა პროექტის ნაწილად. აღნიშნული გვირაბები სხვადასხვა დროსაა გაკეთებული და მათ ერთ-ერთ ბოლო ფუნქციას კინოპავილიონებს შორის ელექტრობის დაკავშირება წარმოადგენდა. უფრო ადრეულ პერიოდში კი მათ სამაცივრე დანიშნულება უნდა ჰქონოდათ.
მშენებლობა 2023 წელს დაიწყო და 2024 წლის ბოლოს დასრულდება. ეს იქნება მულტიფუნქციური სახელოვნებო სივრცე, მუნიციპალური კინოდარბაზითა და საგამოფენო სივრცით, რომელიც მრავალ შესაძლებლობას მისცემს სხვადასხვა თაობის ხელოვანებს.
შეგახსენებთ, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის, ინიციატივით და კულტურის სამინისტროს სახსრებით 2022 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს ძველი კინოსტუდიის ოთხ ჰექტრამდე ფართობი ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები და მასზე ხელოვნების ქალაქის მოწყობა.
გრძელდება ადმინისტრაციული შენობის სრული რეაბილიტაცია, რომელშიც მოეწყობა საოფისე და საგამოფენო სივრცეები. გაკეთდა ახალი სახურავი; დაწყებულია ფასადის აღდგენა; ჩატარდა მზიდი კონსტრუქციების მასშტაბური გამაგრებითი სამუშაოები; მეორე სართულზე დაიწყო და სექტემბერში დასრულდება ეროვნული კინოცენტრისთვის საოფისე სივრცის მოწყობა; სრულად აღდგება და გარემონტდება ინტერიერი.
2022 წლის განმავლობაში ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე განხორციელდა შემდეგი ინფრასტრუქტურული სამუშაოები: დაინგრა გვიანდელ პერიოდში ჩადგმული უსახური ავარიული შენობები (ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე), ტერიტორიაზე დაიგო ასფალტი და მოეწყო გამწვანება; დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, გაკეთდა წყლის ახალი ქსელი და სრულად შეიცვალა კანალიზაციის სისტემა; ყოფილ ფირსაცავ შენობაში ჩატარდა სრული რეაბილიტაცია და მოეწყო თოჯინების სახლი; ყოფილი სახანძრო სამსახურის 300 კვ.მ ორსართულიან შენობას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია და აქ ბინა დაიდეს კინოკასტინგის კომპანიამ, ფოტოგრაფიის სახელოსნომ, მეთოჯინეებმა და ტრადიციული ლურჯი სუფრის შოურუმმა. რუსთავის ავტოდრომიდან გადმოტანილი იქნა ორი მოზაიკური პანო მათი გადარჩენის მიზნით და ისინი ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე განთავსდა. მოეწყო ახალი საგამოფენო სივრცე, რომელიც სამართავად სამხატვრო აკადემიას გადაეცა. განახლდა ღობე.
2024 წელს უკვე დასრულდა ყოფილი მულტსტუდიის შენობის ავარიული ნაწილის დემონტაჟი შემდგომ ორი ისტორიული, 1920-იან წლებში აგებული კინოპავილიონის გამაგრებისა და რეაბილიტაციის მიზნით.
2023 წელს დაიწყო და 2025 წელს დასრულდება ყოფილი ლაბორატორიის შენობის სრული გამაგრება და რემონტი.
2024 წელს დაიწყო და ამავე წლის აგვისტოში დასრულდება ხუთი თეატრისთვის სასაწყობე და სარეკვიზიტო სივრცეების კეთილმოწყობა“, – აღნიშნულია კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.