საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად, ჩოგბურთის ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე მეტრეველს და ქალთა და ვაჟთა ეროვნული ნაკრებების მწვრთნელებს – მაკა ჩახნაშვილსა და დავით კვერნაძეს შეხვდა და მათთან ერთად ჩოგბურთის ფედერაციაში და ეროვნულ ნაკრებებში არსებული მდგომარეობა განიხილა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა შეხვედრაზე ნებისმიერ ფედერაციასთან თანამშრომლობის ჭრილში სამინისტროსათვის მნიშვნელოვან სამ ძირითად ასპექტზე გაამახვილა ყურადღება. ერთ-ერთი არის მასობრიობის გაზრდა, რაც ამ ეტაპზე სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან მშობლისთვის ჩოგბურთის მწვრთნელთან ბავშვის მომზადება საკმაოდ დიდ ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული.
„მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ფედერაციებში ჩანიშნული საარჩევნო პროცესის გამჭვირვალედ წარმართვის მნიშვნელობას და, მიუხედავად იმისა, რომ ჩოგბურთის ფედერაციაში არჩევნებამდე სამი წელია დარჩენილი, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი ფედერაციის დაფინანსების საკითხებზე მსჯელობისას, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, მხედველობაში მიღებული იქნება წესდება და არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებაც. სამინისტროს შესაბამისი სამსახურები აქტიურად დაეხმარებიან ფედერაციებს წესდების შემუშავების პროცესში და, ცხადია, აქ გათვალისწინებული იქნება სპორტის სხვადასხვა სახეობის საჭიროებები და პრინციპები“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თეა წულუკიანის განცხადებით, ფედერაციებს დაევალებათ ანტიკორუფციული მექანიზმების შემუშავება, რადგან გამჭვირვალობა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია და ნებისმიერ ფედერაციასთან თანამშრომლობის საფუძველს წარმოადგენს.
„შეხვედრაზე დაისვა ინფრასტრუქტურული პრობლემების საკითხი. ჩოგბურთელები სრულფასოვანი ვარჯიშების და შეჯიბრების ჩატარებას პრაქტიკულად მხოლოდ „მზიურისა“ და თელავის კორტებზე ახერხებენ და კეთილმოწყობილი ბაზების დეფიციტს განიცდიან. შეთანხმდა, რომ ფედერაცია საქართველოში არსებული ჩოგბურთის კორტებზე სრულფასოვან ინფორმაციას მოამზადებს, რათა სამინისტრომ მოახერხოს არსებულ მდგომარეობაზე სრული სურათის შექმნა და ინფრასტრუქტურის პრობლემების ეტაპობრივად გადაჭრა“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.