თეა წულუკიანმა აშშ-ის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების და დანაშაულის პრევენციის ოფისში შეხვედრა გამართა
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და დანაშაულის პრევენციის სამსახურში იმყოფებოდა და ცენტრის ადმინისტრატორ ქარენ ჰარპს შეხვდა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე. ქართული დელეგაცია აშშ-ში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და დანაშაულის პრევენციის ოფისის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
თეა წულუკიანმა ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოსთან სექტორული თანამშრომლობისთვის. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ბავშთა უფლებების დაცვა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. შეხვედრაზე თეა წულუკიანმა ამერიკულ მხარეს დეტალურად გააცნო საქართველოში განხორციელებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა. ისაუბრა აგრეთვე არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მოდელზე.
იუსტიციის მინისტრის განმარტებით, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისათვის 14 წლამდე ბავშვებისთვის რეფერირების ცენტრი იქმნება. მისი მიზანი რთული ქცევის ბავშვების სოციალიზაცია, რეაბილიტაცია და მათი დანაშაულის პრევენციაა ინსტიტუციური და კომპლექსური მიდგომის გზით.
ბავშვთა რეფერირების ცენტრი უზრუნველყოფს რეფერირების პროცესის კოორდინაციას. მოხდება რთული ქცევის მქონე ბავშვის იდენტიფიკაცია და მისი გადამისამართება ბავშვთა რეფერირების ცენტრში, რომელიც ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესწავლის შემდეგ უზრუნველყოფს მის (საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე, ოჯახის წევრის) ჩართვას შესაბამის სერვისში/პროგრამაში. საქართველოს იუსტიციის მინისტრი და ამერიკის შეერთებული შტატების არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების და დანაშაულის პრევენციის სამსახურის ხელმძღვანელები სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.