თეა წულუკიანი - გელათის რესტავრაციისას დაშვებულ ხარვეზებს გამოსწორება სჭირდება
ფაქტია, რომ გელათის რესტავრაციისას დაშვებულ ხარვეზებს გამოსწორება სჭირდება, რასაც ჩვენი კომიტეტიც შეუწყობს ხელს, რათა სეზონი, რომელიც ახლა დგას იმერეთში და გამოირჩევა წვიმითა და თოვლით, კიდევ უფრო დამაზიანებელი არ აღმოჩნდეს ამ უმნიშვნელოვანესი ძეგლისთვის, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში კომიტეტის წარმომადგენლებმა შეძლეს და მოინახულეს გელათი.
„მოინახულეს ის საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები, რომლებიც რამდენიმე ხანია, მიმდინარეობს და უკვე ცნობილია, რომ ამ სამუშაოებისას, შემსრულებელი კომპანიის მიერ დაშვებულ იქნა სერიოზული ხარვეზები. ჩვენ ვიზიტის შემდეგ გავმართეთ კომიტეტის სხდომა, სადაც მოვუსმინეთ არა მხოლოდ კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, არამედ მოვუსმინეთ დამოუკიდებელ ექსპერტებსაც, ასევე რესტავრატორ-არქიტექტორსა და შემსრულებელ კომპანიას. ფაქტია, რომ ხარვეზებს სწრაფი გამოსწორება სჭირდება, რასაც ჩვენი კომიტეტიც შეუწყობს ხელს, რათა სეზონი, რომელიც ახლა დგას იმერეთში და გამოირჩევა წვიმითა და თოვლით, კიდევ უფრო დამაზიანებელი არ აღმოჩნდეს ამ უმნიშვნელოვანესი ძეგლისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.