თეა წულუკიანი - მადლობა პოლიციას, ბატონ გომელაურს, რომელიც პირველივე საათებიდან ზუგდიდში იმყოფებოდა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის პროცესს პირადად მართავდა
საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მე-4 ნომერმა თეა წულუკიანმა მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ზუგდიდში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.
წულუკიანმა მადლობა გადაუხადა შსს-ს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის მთელ შემადგენლობას. თეა წულუკიანმა ცალკე გამოყო სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ გალდავა. ამასთან, წულუკიანის თქმით, დარწმუნებულია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციაში მრავალი სხვა სამართალდამცველი იყო, ვინც ავთანდილ გალდავას ადგილას ყოფნისთვის თვალსაც არ დაახამხამებდა.
„მას შემდეგ, რაც ზუგდიდში ჩვენ ყველამ ვიხილეთ ძარცვა და ათეულობით ადამიანის მძევლად აყვანა, პირველი შემთხვევაა, როცა მე მეძლევა თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა და თქვენი ნებართვით, მინდა, საჯაროდ მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთლიანად სისტემას და უფრო კონკრეტულად, ბატონ მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და სამეგრელო-ზემო სვანეთის მთლიან შემადგენლობას, თუმცა ალბათ არავინ მიწყენს, თუ ბატონ ავთანდილ გალდავას გამოვყოფ ცალკე და ვიტყვი, რომ ნამდვილად საამაყოა, როდესაც ქართულ პოლიციაში არსებობენ ასეთი ადამიანები. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში მრავალი სხვა პოლიციელი იყო, ვინც ბატონი ავთანდილის ადგილას ყოფნისთვის თვალსაც არ დაახამხამებდა, ისე გააკეთებდა ამ არჩევანს ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, შესაბამისად ეს მადლობა ეკუთვნით მათ.
ასევე, ჩემი მხრიდან, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქის მადლობა ეფუძნება იმას, რომ ზუგდიდში ჩვენ არ ვიხილეთ სისხლისღვრა, ეს არის მთლიანად იმ სახელმწიფო სტრუქტურების და პოლიციის დამსახურება, რომელსაც თქვენ, სამწუხაროდ, ჩამოშლილს უწოდებთ. თქვენ თუ ეს ჩამოშლად მიგაჩნიათ, ალბათ არჩამოშლად მიიჩნევდით იმას, რომ ჩვენ, ღმერთმა დაგვიფაროს, გაგვღვიძებოდა ისეთ ზუგდიდში, სადაც ტროტუარი მოფენილი იქნებოდა გვამებით. ალბათ ეს უფრო იქნებოდა მავანისთვის სასიხარულო.
მადლობა პოლიციას, რომ ეს ასე არ მოხდა, ბატონი მინისტრი პირველივე საათებიდან ზუგდიდში იმყოფებოდა და პირადად მართავდა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის ამ პროცესს. მიკვირს, ადამიანებს არ მოსწონთ ის, რომ ადამიანების სიცოცხლე იქნა გადარჩენილი. რაც შეეხება დამნაშავის შეპყრობას, მინდა, ყველას შეგახსენოთ, რაც არის საერთაშორისო და უფრო კონკრეტულად, ევროპული სტანდარტი. როდესაც სახელმწიფოს და უფრო კონკრეტულად, პოლიციელს აქვს არჩევანი, გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე, თუ მაშინვე შეიპყროს დამნაშავე, ადამიანის უფლებების სტანდარტი ამბობს, რომ პოლიციელის პირველი ვალდებულება არის, ჯერ გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე და შემდეგ იზრუნოს დამნაშავის შეპყრობაზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. მათივე ცნობით, მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურად განაგრძობს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს.