თეა წულუკიანი - ზედმეტი ემოციებისგან დაცლილი საარჩევნო დღის ორგანიზება ყველას პასუხისმგებლობაა
მთავრობა და სამართალდამცავი სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ, რათა ზუგდიდში არჩევნებმა მაქსიმალურად მშვიდ პირობებში ჩაიაროს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მხოლოდ სამართალდამცავები ან ცენტრალური აღმასრულებელი სტრუქტურა ვერაფერს გახდება, თუ კონკურენტებმა და მათმა მხარდამჭერებმა არ გააკეთეს ყველაფერი, რათა ამომრჩეველს მიეცეს მშვიდ გარემოში არჩევნების დღეს ურნასთან მისვლის საშუალება.
„ჩემი პარტია იქნება თუ სხვა პარტიები, ყველას მოვუწოდებდი სიმშვიდისკენ და ზედმეტი ემოციებისგან დაცლილი საარჩევნო დღის ორგანიზებისკენ, რაც ყველას პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
კითხვაზე, დაინიშნება თუ არა მეორე ტური, იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაინიშნება, მეორე ტური ისე გაიმართება, როგორც არაერთხელ გამართულა ამ ხელისუფლების პირობებში.
„რაც შეეხება კითხვაზე, იქნება თუ არა მეორე ტური, ვინაიდან არ ვარ საარჩევნო პროცესებში ჩართული და უშუალოდ შეხება არ მაქვს, პროგნოზის გაკეთებაც მიჭირს. როდესაც მქონია უშუალოდ ამომრჩეველთან შეხვედრა, სოფელში შევსულვარ, ქალაქის მაცხოვრებელებს შევხვედრილვარ აქტიურად, ერთხელ შევხვდი და ეს საკმარისი არ არის. პროგნოზი სწორად გამიკეთებია, ახლა ამ პროგნოზს ვერ ვაკეთებ. თუ იქნება მეორე ტური, მეორე ტურიც გაიმართება ისე, როგორც ამ ხელისუფლების პირობებში არაერთხელ გამართულა, რადგან ჩვენ თავისუფალი არჩევანის უფლება ხანდახან ემოციების პირობებში, მაგრამ ჩვენს ამომრჩეველს მივეცით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.