თეა წულუკიანი - ყველას მოვუწოდებ, მათ შორის ჩვენი მეგობარი ქვეყნების პოლიტიკოსებს, პატივი სცენ საქართველოს კანონებს და საქართველოს შიგნით მიმდინარე პროცესებს
მიხეილ სააკაშვილს ჩვენი ქვეყნის სასამართლოს მიერ მისჯილი აქვს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, თუმცა არაერთი დაზარალებული თვლის, რომ მას სასჯელის სახით უფრო მეტიც ეკუთვნის ძალიან ბევრი დანაშაულისთვის, რომელიც მისი ხელისუფლების პირობებში იყო ჩადენილი და პირადად მის მიერ, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანის თქმით, სასჯელი არის საქართველოს კანონის შესაბამისად მოსახდელი.
„სასჯელს სააკაშვილი იხდის საპატიმროში და როცა ამის საჭიროება არსებობს, სამედიცინო სექტორში. კონკრეტულად ამ მომენტში გახლავთ სამოქალაქო სამედიცინო სექტორში გადაყვანილი, სადაც, ვიდეოკადრების გასაჯაროების შემდეგ, ყველამ ნახა, რომ ის არის, რეალურად, სხვა პატიმრებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაშიც კი. უნდა გადავადდეს თუ არა სასჯელი, ამას წყვეტს მოსამართლე. ამას, ჩვენი ქვეყნის კანონის თანახმად, ვერ წყვეტს სხვა ვერავინ. ამიტომ, მე ყველას მოვუწოდებ, მათ შორის ჩვენი მეგობარი ქვეყნების მაღალჩინოსნებს, პოლიტიკოსებს, პირველ პირებსაც კი, რომ პატივი სცენ საქართველოს კანონებს და საქართველოს შიგნით მიმდინარე პროცესებს. მეტი, არ ვიცი, რა შეიძლება, ამ თემაზე კიდევ მრავალჯერ ითქვას“, – განაცხადა წულუკიანმა.