თეა წულუკიანი - ყველანი უნდა გავერთიანდეთ ამ უბედურების წინააღმდეგ, რასაც ჰქვია სხვა ადამიანის პირადი ცხოვრებით მანიპულირება
პირად ცხოვრებას იცავს კონსტიტუცია, კანონი და ისღა დაგვრჩენია, თითოეულმა ჩვენგანმა სხვა ადამიანის პირადი ცხოვრება დავიცვათ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების მორიგ ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო ორგანოები რეაგირებდნენ მოკლე ვადებში, როდესაც ასეთი რამ ხდება. დღეს ჩვენთვის უკვე ცნობილი გახდა, რომ არამხოლოდ გამოძიებაა დაწყებული, არამედ შესაბამისი პირიც, ვისზეც ეჭვი არსებობს, რომ ღამით გაავრცელა კადრები, დაკავებულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ვხედავთ ადამიანებს, როგორიც არ უნდა იყოს მათი ასაკი, განათლების დონე ან რამდენი მეგობარიც არ უნდა ჰყავდეთ, ყველამ ვუთხრათ ამ ადამიანებს, რომ ეს არის დანაშაული და საზოგადოებამაც გაკიცხოს ეს საქციელი, რადგან პირადი ცხოვრება არის დაცული ღირებულება. ამას იცავს კონსტიტუცია, იცავს ჩვენი კანონი და ახლა ისღა დაგვრჩენია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა სხვა ადამიანის პირადი ცხოვრება დავიცვათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, როდესაც არ ხდება პირადი ცხოვრების უფლების დაცვა ინდივიდების მიერ, ასეთ შემთხვევაში საქმეში ერევა საგამოძიებო ორგანო, ხდება დაკავება და სისხლის სამართლებრივი დევნა.
„ეს არ უნდა იწვევდეს რაიმე ტიპის უკმაყოფილებას. პირიქით, ყველანი უნდა გავერთიანდეთ ამ უბედურების წინააღმდეგ, რასაც ჰქვია სხვა ადამიანის პირადი ცხოვრებით მანიპულირება და მასზე კადრების გავრცელება“, – აღნიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების მორიგ ფაქტზე დაკავებულია არასრულწლოვანი.