თეა წულუკიანი - ყველა თაობის და ასაკის ადამიანი ვგულშემატკივრობთ ჩვენს ნაკრებს, დარწმუნებული ვართ, არაერთ გამარჯვებას მოიპოვებენ და საქართველო მათით კიდევ ერთხელ იამაყებს
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ყველა თაობის ნატვრა იყო, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ეასპარეზა და ეს ნანატრი დღეც დადგა.
თეა წულუკიანმა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა.
„მინდა, პირველ რიგში, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ძალიან დიდი წარმატება ვუსურვო უკვე ხვალიდან. ისტორიული ასპარეზობაა ამ ჩემპიონატზე გამოსვლა. დღეს ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ბრძანა და არ შეიძლება, არ დაეთანხმო, რომ ყველა თაობის ნატვრა იყო, ჩვენს ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე ეასპარეზათ. ეს ნანატრი დღეც დადგა.
ყველა თაობის, ყველა ასაკის ადამიანი, განურჩევლად წარმომავლობისა და სქესისა, დაწყებული სულ პატარებიდან, ჩვენი ხანდაზმულებით, ვგულშემატკივრობთ ჩვენს ნაკრებს და დარწმუნებულიც ვართ, რომ ისინი არაერთ გამარჯვებას მოიპოვებენ და საქართველო მათით კიდევ ერთხელ იამაყებს. დიდ წარმატებას ვუსურვებ მათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.